დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ძველი საპატრიარქო რეზიდენცია, სადაც ხუთი პატრიარქი მოღვაწეობდა 27.06.2020 00:51

სერგო ვარდოსანიძის პოსტი:

 

 

2020 წლის 26 ივნისი ტელეკომპანია "ერთსულოვნება" ამზადებს სიუჟეტს ძველ საპატრიარქო რეზიდენციაზე...

 


1922 წლის 17 ნოემბერს მთავრობის დადგენილებით საქართველოს საპატრიარქოს ჩამოართვეს რეზიდენცია. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ საპროტესტო წერილში აღნიშნავდა, რომ საპატრიარქო სასახლე იყო საქართველოს ეკლესიის საკუთრება. ამავე დროს მოაგონებდა მთავრობას, რომ 1922 წლის №3137 დადგენილებით, ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა არსებული შენობები ეკლესიის განკარგულებაში გადასცა, ამის მიუხედავად, "ამისთვის 17 ნოემბერს, ჩემს ბინაში მოვიდნენ თბილისის საბინაო განყოფილების წარმომადგენლები, გაზომეს იგი, შევიდნენ ეკლესიაში და თვით საკურთხეველშიც ქუდებით, მიუხედავად ჩემი წარმომადგენლის პროტესტისა, დაიწყეს თავის მართლება იმით, რომ სინდისის თავისუფლებააო, ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ნოემბრის 18, თქვენ გაახელით დელეგაცია, სამი საპატიო პირისაგან შემდგარი და გთხოვეთ დაგეცავით მოსალოდნელი შეურაცხყოფისა და უსამართლობისაგან."ხელისუფლების წარმომადგენლებმა არც კი მოუსმინეს საკათალიკოსო საბჭოს დელეგაციას, კათოლიკოსის სასახლის დასაკავებლად გაგზავნილ იქნა 15 შეიარაღებული ახალგაზრდა, მათ დავალებული ჰქონდათ უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის რეზიდენციიდან გაძევება. ერთ-ერთი უცხო ტომის ახალგაზრდა კადნიერად მიიჭრა კათოლიკოსთან და მიმართა, თქვენ ხართ უფლებააყრილი პიროვნება, თქვენ არ გაქვთ ნება გეჭიროთ ეს ბინა, იგი ჩვენ გვჭირდება კომკავშირლებისათვის, რომელთა ხუთი წლისთავი აქ უნდა გადავიხადოთ." (12, 539).

 

კომკავშირელი ახალგაზრდები თავხედურად აცხადებდნენ, რომ სასახლის ავეჯი, ქონება რეკვიზიციის ძალით უნდა წაეღოთ, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქს დაუტოვებდნენ იმას, რასაც საჭიროდ მიიჩნევდნენ. უწმიდესმა ამბროსიმ მტკიცედ განაცხადა, რომ იგი თავისი ნებით არ დატოვებდა შენობას. ამასვე აცნობებდა მთავრობის თავმჯდომარეს: "გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ ბინა, რომელიც მე მიჭირავს არის საქართველოს მორწმუნე ერისგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის მიჩენილი ბინა, რომლიდანაც გასვლა ჩემის ნებით მეკრძალება, რომ ეს ბინა დაკავშირებულია ეკლესიასთან, აქ მოთავსებულია თბილისის საეპარქიო კანცელარია, რომ ამ ბინიდან კათოლიკოს-პატრიარქის გაძევება, ეკლესიის მოშლა და კანცელარიის გატანა გამოიწვევს ქართველ ერში უკმაყოფილებას, რასაც უნდა ვერიდოთ მეც, როგორც ქართველი ერის მამამთავარი და უმაღლესი მოძღვარი და თქვენც, როგორც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ერი დიდია ჩემზეც და თქვენზეც და ამის გამო თქვენც და მეც უნდა ხელს ვუწყობდეთ მის ბედნიერებას, კეთილდღეობას და მყუდროებას." კათალიკოზი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში,სახლი სიონის ეკლესიის ჩრდილოეთით მდებარეობდა,სადაც სამი პატარა ოთახი ეკუთვნოდა ეკლესიის მეთაურს,აქ ცხოვრობდნენ კათალიკოზ-პატრიარქები: ამბროსი,ქრისტეფორე,კალისტრატე,ამ უკანასკნელმა1949 წელს წერილით მიმართა საქართველოს ს.ს.რ. კომუნისტურ პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველ მდივანს, მოქალაქე კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანს: 

 


"მოგეხსენებათ სახლი, რომელშიდაც ამ ჟამად ცხოვრობს საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი (სიონის ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით) თბილისის რეკონსტრუქციის 45 წლიანი გეგმით უნდა აღებულ იქმნეს. ვინაიდან იგი თავისუფლადაც ვერ აკმაყოფილებს კათოლიკოზ-პატრიარქის ბინასა და მასთან დაკავსირებულ დაწესებულებათა მოთხოვნილებას, ცხადია უნდა აშენდეს სხვა სახლი. აღნიშნულის გამო ახალი ბინის აგება განვიზრახე - სიონის ჩრდილო მხარეზე, მის ყოფილ ეზოში; სახლი დაშორებულ იქნება ტაძარზე 30 მეტრით, ხოლო ეზო გამწვანებული. ამასთან ერთად საჭიროდ ვთვლი მოგახსენოთ, რომ მღვდელ-მთავრის ბინა უნდა იყოს ან ტაძრის ახლო, ან თავის სახეში შეიცავდეს კარის ეკლესიას; ეკლესია კი რომ, მოთავსდეს თვით სახლში, - მოითხოვს მეტ ფართობს და დიდ ძალ ფულს, ჩვენ კი მხოლოდ 700.000 მანეთი გვაქვს, და ისიც ნასესხები. თბილისის სხვა ტაძრებთან სახლისათვის საწირო ფართობი არ არსებობს, ან თუ არსებობს, - იქიდან დაგვჭირდება ათეული ოჯახის გამოსახლება, რაც მეტად ძნელი საქმეა. ამისთვის ერთად ერთი ადგილია ზემოდ დასახლებული: აქ არის მეტად დაძველებული სახლი, რომელშიდაც ცხოვრობს ოთხი სულისაგან შემდგარი ოჯახი; მისი გასახლება თქვენი დახმარებით არ იქნება ჩვენთვის სამძიმო. ამ სახედ სიონის უბანიც დამშვენდება (დღეს ამ მიწის ნაჭერზე სანაგვე ყუთები დგას) სიონისთვის შესაფერისი ლამაზი სახლით, საქართველოს კათოლიკოზსაც მიეცემა შესაძლებლობა მასთან სტუმრად ჩამოსულ საბჭოთა კავშირიდან პატივსაცემ პირთა მიღებისა თავის ბინაში და არა სასტუმროში. ამ საკითხის გამო თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ სათანადო ქვემდგომ ორგანოებში ვერ ცნობენ მოსახერხებლად საკათალიკოზო სახლის ადგილზე დადგმისათვის.

 

"ხელისუფლებამ ეკლესიას ნება დართო და დაიწყო მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1952 წელს, სადაც მხოლოდ ორი თვე იყო უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე.ახლ ორსართულიან რეზიდენციაში პირველ სართულზე მარჯვნივ იყო კათალიკოზ-პატრიარქის სამუშაო კაბინეტი,მარცხნივ სამეურნეო განგოფილება და კანცელარია,მეორე სართულზე კარის ეკლესია,პატრიარქის საძინებელი და სატრაპეზო.ამ რეზიდენციაში მუშაობდნენ პატრიარქები მელქისედეკ lll,ეფრემ ll,დავით მეხუთე,ილია ll 1977-1990 წლებში,შენობა სერიოზულად დაზიანდა 1978 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის გამო,რესტავრაციის შემდეგ მეორე სართულზე კარის ეკლესიის ნაცვლად გაკეთდა კათალიკოზ-პატრიარქის სამუშაო კაბინეტი.აქ ხდებოდა საპატიო სტუმრების მიღება.აქ უმასპინძლა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს ყოვლადუწმიდეს დიმიტრიოს,ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პაპს და პატრიარქს ნიკოლოზ მეექვსეს,იერუსალიმის პატრიარქს დიოდოროს l ,რუსეთის პატრიარქს პიმენს,ბულგარეთის პატრიარქს მაქსიმეს,რუმინეთის პატრიარქს თეოკსტიტეს,ანტიოქიის პატრიარქს იგნატიოს მეოთხეს,ყოველთა სომეხთა კათალიკოსს ვაზგენ პირველს,ათონის მთის გუბერნატორს იოანე ცამისს,აქ მიმდინარეობდა დაძაბული მოლაპარაკებები მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ქალკედონის მოიტროპოლიტ მელიტონთან და ფილადელფიის მიტროპოლიტ ბართოლომეოსთან საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების საკითხებზე,აქ საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდა საჭეთმპყრობელი ხვდებოდა ინტელიგენციის, ახალგაზრდობის წარმომადგენლებს...


გამახსენდა ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან 1979 წლის აპრილში,41 წლის წინანდელი მოვლენები, გავკადნიერდი და ამ ისტორიულ ოთახში, სადაც ხუთი პატრიარქი მოღვაწეობდა სურათი გადავიღე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ