13:40 27.06.2020
“რურუა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაათავისუფლონ” - რა დივიდენდების მიღება სურთ “ოცნებას” და ოპოზიციას

"რურუას საქმე გასცდა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ჩარჩოებს და დღეს პიარის თემა გახდა. ოპოზიცია თავის ამორჩეველს ეტყვის, რომ ჩვენ დასავლეთის დახმარებით ვაიძულეთ ხელისუფლება გაეთავისუფლებინა გიორგი რურუა, აი დასავლეთი ჩვენთან არისო. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ დღეს რურუას გათავისუფთლებით მისმა ამომრჩეველმა არ ჩათვალოს, რომ "ოცნება" სუსტია და თმობს ხელისუფლებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “რურუა შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაათავისუფლონ” - რა დივიდენდების მიღება სურთ “ოცნებას” და ოპოზიციას

 

"საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ შეიძლება რურუა გაათავისუფლონ, მაგრამ ეს ოპოზიციისთვის იმ პოლიტიკური კაპიტალის მომტანი ვეღარ იქნება, რასაც საკონსტიტციო ცვლილებების მიღებამდე მოუტანდა"- ასე ეხემაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილოებას არ მიიღებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან ეს პრინციპის საკითხია. "ევროპული საქართველო" გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან ეს პრინციპის საკითხია, ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმის ივანიშვილს", - აცხადებს გიგა ბოკერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ოცნების" უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. "ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების არც ერთ პუნქტს არ ასრულებს, შეთანხმების მთავარი ნაწილი არის საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა, ისინი კი კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. "რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის მართლმასჯულების არასათანადო პოლიტიზირებას ეხებოდა. ოპოზიცია ამ პუნქტსაც უხეშად არღვევს, რადგან მმართველი პოლიტიკური ძალისგან იმის გაკეთებას მოითხოვს, რისი გაკეთებაც მხოლოდ მართლმსაჯულებას შეუძლია. "ქართული ოცნება" ზედმიწევნით იცავს ამ ორ პირობას. ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მმართველი ძალის მხრიდან განხორციელდა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება და ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საარჩევნო სისტემას",- აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"8 მარტის შეთანხმებისკენ მოუწოდებს ორივე მხარეს აშშ-ს ელჩი საქართველოში კენი დეგნანი. მისი განცხადებით, მნიშნვლოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში სრული მხარდაჭერით იყოს მიღებული. "შეთანხმება, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნაბიჯი ნამდვილად წარმატებული იყო, ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდა. გვსურს საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი. ეს იქნება დემოკრატიული პროცესის ნამდვილი პროგრესის მაჩვენებელი და შექმნის პირობას სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად", - აცხადებს კენი დეგნანი. ცნობისთვის, 23 ივნისს პარლმენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115 დეპუტატმა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და ამის მიზეზად გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენა დასახელდა. "რურუას საქმე გასცდა პოლიტპატიმრის გათავისუფლების ჩარჩოებს, დღეს ეს თემა გახდა პიარის თემა; ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილბებეში მონაწილობის არ მიღებას იყენებს ქვეყნის შიგნით პიარისთვის, რომ უთხრას თავის ამომრჩეველს, ჩვენ, დასავლეთის მხარდაჭერით ვაიძულეთ ხელისუფლება გაეთავისუფლებინა რურუა, აი დასავლეთი ჩვენთან არისო. "ოცნებაც" იგივე სიტუაციაშია, ფიქრობს, რომ დღეს რურუას გათავისუფლება მისმა ამომრჩეველმა არ ჩაუთვალოს, რომ "ქართული ოცნება" არის სუსტი და თმობს ხელისუფლებას. "არ არის გამორიცხული, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ გაათავისუფლონ რურუა; მაგრამ ოპოზიციისთვის ეს ვეღარ იქნება იმ პოლიტიკური კაპიტალის მომტანი, რასაც მათი აზრით, მოუტანდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : რეზონანსი