16:31 28.06.2020
ევროკავშირი პირველი ივლისიდან გარე საზღვრებს 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნის - მათ შორის არის საქართველოც

ევროკავშირი აპირებს, 1-ელი ივლისიდან გარე საზღვრები 14 ქვეყნის მოქალაქეებისთვის გახსნას, რომელთა შორის საქართველოც არის - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დისკუსია ძალიან ხანგრძლივი იყო, თუმცა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), რომელიც წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, 26 ივნისის საღამოს შეთანხმებას მიაღწია 1-ელი ივლისიდან 14 სახელმწიფოსთვის გარე საზღვრების გახსნის თაობაზე. გამოცემის ინფორმაციით, ასე გამოიყურება იმ 14 ქვეყნის ჩამონათვალი, რომლებიც ევროკავშირში 1-ელი ივლისიდან კარანტინის გავლის გარეშე შევლენ: ავსტრალია, კანადა, სამხრეთ კორეა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, ტაილანდი, ურუგვაი, ალჟირი, მაროკო, ტუნისი, საქართველო, მონტენეგრო და სერბეთი.

 

„ლე მონდის“ ინფორმაციით, სია შესაძლოა, ჩინეთიც დაემატოს, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით - თუ თავადაც დაუშვებს ევროკავშირის მოქალაქეებს. სტატიის თანახმად, ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შემდგომი გადამოწმების მიზნით გადაწყვეტილების გადადება მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება შეიცვალოს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge