11:50 29.06.2020
საქართველოს 175 თურქული წარმოების ავტობუსი მიეწოდება

თურქეთის ინგლისურენოვან ყოველდღიურ გაზეთ „თურქიე“-ს Türkiye») 28 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათურით „საქართველოს 175 თურქული წარმოების ავტობუსი მიეწოდება“, რომელშიც გადმოცემულია თურქეთ-საქართველოს შორის დადებული კონტრაქტის დეტალები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„თურქულმა კომპანია „ავტოკარ“-მა («Otokar»), რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს როგორც თურქეთის, ასევე  მსოფლიოს 50 სახელმწიფოს თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფაში,  ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო კონტრაქტი გააფორმა   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომელიც 175 ავტობუსისა და მათი მარაგ-ნაწილების მიწოდებას ითვალისწინებს. კონტრაქტი, რომლის მოცულობა 18,7 მილიონ ევროს შეადგენს, მძღოლების მომზადებასაც გულისხმობს.


საქართველოსათვის სხვადასხვა ზომის ავტობუსების მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე და განაწილდება ქვეყნის 6 დიდ ქალაქში. ასევე 2020 წლის ბოლომდე განხორციელდება მარაგ-ნაწილების ექსპორტი და მძღოლების მომზადებაც.


როგორც „ავტოკარის“ გენერალურმა დირექტორმა სერდარ გერგიუჩმა განაცხადა „თურქიე“-ს კორესპონდენტთან საუბრისას, „ჩვენ საქართველოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ახალ სულს ჩავბერავთ. თურქული ავტობუსები, რომლებიც მოსახლეობას წლის ბოლოსთვის მოემსახურება, ჩვენი მეზობელი ქვეყნის სატრანსპორტო სფეროში ახალი ერის დაწყებას ნიშნავს. თურქული ავტობუსები კომფორტული პირობებით გამოირჩევიან და ადამიანებისთვის სასიამოვნო მგზავრობას უზრუნველყოფს“.


ცნობისათვის: „ავტოკარი“ თურქული საფინანსო-სამრეწველო ჯგუფ „კოჩ ჰოლდინგ“-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც სამგზავრო ავტობუსებისა და სამხედრო ტექნიკის წარმოებაზე სპეცილიზდება. მისი ქარხნები თურქეთის საქარიას პროვინციაში არის განთავსებული. კომპანია უშვებს საქალაქო და საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსებს როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ტევადობით.


წყარო: https://www.turkiyegazetesi.com.tr/ekonomi/714097.aspx

 

მოამზადა-სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge