“ოპოზიციონერ ლიდერებს ჰგონიათ, არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ. მე ასე მარტივად არა მგონია საქმე. ოპოზიციური სპექტრი ძალიან ბევრ საკითხზე უნდა შეთანხმდეს. მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე ოპოზიციამ ძალიან იჩქარა. რა საჭირო იყო კანდიდატების ორი თვით ადრე დასახელება, როდესაც ექვსივე მათგანს ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება? თანდათანობით უნდა მიჰყოლოდნენ პროცესებს. ორი თვით ადრე რომ წარადგენ კანდიდატებს, პიკში რას სთავაზობ ამომრჩეველს, რით ინარჩუნებ მუხტს?! მგონი, ხელისუფლება არ იჩქარებს და თავის კანდიდატებს ბოლო მომენტში დაასახელებს. ეს ბევრად მომგებიანი იქნება”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, კოალიცია “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” შექმნან”.
“პარტიებიდან ერთი პროცენტის აღების შანსი ყველას აქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ კოორდინირებულად იმოქმედებენ - ეს არჩევნების შემდეგაც კარგ შედეგს მოიტანს. თუ საერთო ჩრდილოვან კაბინეტსაც შექმნიან, ძალიან კარგი იქნება... მარგველაშვილს არა აქვს პრემიერმინისტრობის შესაბამისი პოლიტიკური კაპიტალი - საზოგადოებას აღმასრულებელ ხელისუფალთან ცოტა სხვა ტიპის მოთხოვნები აქვს: მარგველაშვილი კარგი იქნება საარჩევნო სიაში, საპარლამენტო ბატალიებში, მაგრამ არა პრემიერის პოსტზე... გიორგი ვაშაძის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა როგორც “ნაციონალებისთვის”, ასევე “ევროპული საქართველოსთვის”... ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის კანდიდატურას ყველაზე ძლიერი პარტია აყენებს, ჩვენ კი არაორდინარული ვითარება გვაქვს და შესაძლოა გადახრებიც იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, პრემიერობის კანდიდატის პოსტი “ნაციონალებმა” სხვას დაუთმონ - თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, პრემიერი თავდაპირველად ვინმე გარდამავალი ფიგურა იქნება “ნაციონალური მოძრაობიდან”, ერთ წელიწადში კი მას ჩაანაცვლებს მიხეილ სააკაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადანაწილდება ოპოზიციური სპექტრი, ვინ ვისთან შექმნის ბლოკს და რამდენი სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ძნელია ვივარაუდოთ, ვისთან ერთად შექმნის “ქართული ოცნება” კოალიციურ მთავრობას. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნან და კიდევ აქეთ დაგვამადლონ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნეს დისკომფორტი. ეს არ არის ტრაგედია. საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმით არის კარგი, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალები იძულებელი არიან ერთმანეთს დაელაპარაკონ. იქნებ ამან მაინც დაასრულოს 30-წლიანი დაპირისპირება და ფეიკნიუსების კასკადი... თუ ყველა დასავლური “შუაშისტური” ძალა კოორდინირებულად იმუშავებს, შეძლებს იმდენივე ხმის მიღებას, რამდენსაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალები”. ამომრჩეველთა ხმები სამ ნაწილად გაიყოფა: ერთი მესამედი “ოცნებას”, ერთი მესამედი “ნაციონალებს” და ერთი მესამედიც “შუაშისტურ” პროდასავლურ ძალებს. ასე რომ, `ლელო~ და თავისუფალი დეპუტატები კარგად უნდა დაფიქრდნენ...”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ასეთი კოალიციური მთავრობის ერთობლივი მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?” - პასუხობს:
“ჩვენ დღემდე ერთპიროვნული მმართველობის სავალალო შედეგებს ვიმკით. ერთ პირზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას ხელს უშლის. სწორედ კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაამსხვრიოს ეს მავნე სისტემა. ივანიშვილი იძულებული იქნება, კოალიციაში შემავალ პარტიებს ანგარიში გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ახალი კოალიცია შეიქმნება, ან ხელახალი არჩევნები დაინიშნება... იტალიაში 1945-დან 1985 წლამდე ორმოცჯერ შეიცვალა მთავრობა. თითქმის ყოველ წელს არჩევნები იყო და გაპარტახებული იტალიიდან შეიქმნა ქვეყანა, რომელიც დღეს შვიდეულის წევრია. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელზეც. არჩევანი ჩვენზეა - ან ერთი კაცის ხუშტურებზე გავაგრძელებთ ცხოვრებას და მუდმივად პრობლემებში ვიქნებით, ან ხშირად შევცვლით მთავრობებს და განვვითარდებით”.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge