დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

«Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“ 30.06.2020 11:34

რუსული გაზეთის „იზვესტიის“ («Известия») დღევანდელ, 30 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით «Бук»-ბი“ ზეცას უყურებენ: სამხრეთის სამხედრო ოლქი საზენიტო „რობოტებით“ ძლიერდება“, რომელშიც საუბარია რუსეთის სამხრეთ ნაწილში - კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების აღჭურვაზე ახალი საზენიტო კომპლექსებით. „კავკასია და შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებით გადაიფარება: კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა  «Бук-МЗ»-ებით აღიჭურვება, - ნათქვამია პუბლიკაციაში, - ახალ სარაკეტო კომპელექსებს შეუძლიათ გაანადგურონ არამხოლოდ თვითმფრინავები და ვერტმფრენები, არამედ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და თვით ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი სხვა მფრინავი აპარატებიც კი“.


სტატიაში აღნიშნულია, რომ კრასნოდარის მხარეში განლაგებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა მაღალი მობილურობით გამოირჩევა და საჭიროების შემთხვევაში, მისი სწრაფი გადასროლა შეიძლება როგორც რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე საქართველოს საზღვრებთან ახლოს - შეგახსენებთ, რომ წინა თაობის მოძველებული «Бук»-ები ადრეც იყვნენ დროებით განთავსებულნი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“, - წერს გაზეთი და კიდევ ერთ ფაქტზე მიუთითებს - 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების დროს იქვე ახლოს განლაგდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ჯარების პოლკი, რომელიც «Бук-М2» იყო აღჭურვილი.


„შავი ზღვა ბოლო წლებში აშშ-სა და ნატოს ყურადღების ცენტრში მოექცა - მის აკვატორიაში ხშირად შედიან აშშ-ის სამხედრო ხომალდები, რომლებსაც ბორტზე ფრთოსანი რაკეტები აქვთ. დასავლეთის ქვეყნების კუთვნილი დრონები ასევე რეგულარად დაფრენენ რუსეთის შავიზღვისპირეთის ახლოს. მაისის თვეში შავი ზღვის ცაზე უკვე აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიც გამოჩნდნენ... შესაბამისად, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს დგამს“


სტატიაში განხილულია «Бук-МЗ»-ების ტექნიკური მონაცემები, მათი უპირატესობა წინა თაობის რაკეტებთან შედარებით: ახალი საზენიტო კომპლექსები, რობოტების მსგავსად, ავტომატურად მოქმედებენ, რაკეტები მოდერნიზებულია, მათი ფრენის სიშორე და გამანადგურებელი ძალა 50%-ით არის გაზრდილი - ყოველ გამშვებ მობილურ კომპლექსზე, ოთხის ნაცვლად, ახლა უკვე ექვსი რაკეტაა დამონტაჟებული.

 

წყარო: https://iz.ru/1029352/anton-lavrov-bogdan-stepovoi/buki-vverkh-iuzhnyi-voennyi-okrug-usilivaiut-zenitnymi-robotami

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ