დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ეს ყველაფერი მდარე პოლიტიკური სპექტრის, ნეგატივსა და ურთიერთზიზღზე გათვლილი დღის წესრიგის შედეგია" 30.06.2020 15:34

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ამ წერილის დაწერას მიმდინარე თემებზე ვგეგმავდი. 2 დღის წინ დავიწყე და აღარ გავაგრძელე. ვიფიქრე, არაა სავალდებულო ყველა თემაზე გამოხმაურება, ისედაც დუღს სოციალური ქსელი მეთქი.


ახლა განვაახლე და დასაწყისის შესწორება მომიწია. განვაახლე, რადგან წავიკითხე ერთი ცნობილი ჟურნალისტის მორიგი მონოლოგი გიორგი შაქარაშვილის და სანდრო გირგვლიანის შესახებ.


მთელმა ქვეყანამ წაიკითხა მისი პირველი წერილი და ყველა ჯანსაღმა დაჰგმო, რის გამოც მისი აღება მოუწია, თუმცა სხვა რამეს იმიზეზებს.


გუშინ კი მორიგი წერილი გამოაცხო და, უნდა გითხრათ, რომ პირველზე უარესია. მეორე წერილში ისევ გირგვლიანთან ავლებს პარალელს, საუბრობს ინსტიქტებზე, აკრიტიკებს ამ ხელისუფლებას.


ინსტიქტებზე რომ ისაუბროს ადამიანმა, ცოტა რამ ფსიქოლოგიიდან უნდა იცოდეს. ფსიქოლოგიასთან რომ იყოს ნაზიარები, წინასწარ გაიგებდა რა რეაქცია ექნებოდა ხალხს ან პირველ, ან მეორე წერილზე.


ასევე წარმოდგენა არ აქვს რა სხვაობააა ამ სპორტსმენების და იმ ძალოვნების მიერ დაკვეთით ჩადენილ დანაშაულებს შორის.


მელნიკოვის საპროცესოზე საუბრობს, მურუსიძეს ახსენებს და არაფერს წერს როგორ შეცვალა ხელისუფლებამ კანონი, რათა ის ამ ერთი კონკრეტული საქმისთვის მოერგო.


ალბათ მსგავსი რამ თანამედროვე მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, როცა კანონს სასწრაფოდ ცვლიან, რათა კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს მოარგონ.


სხვა რა უნდა ვთქვა ამ მეორე წერილზე?! ეს საზოგადოების გამოწვევაა. ამაზე რბილად არ ვიცი როგორ შევაფასო.


აქედან გავაგრძელებ რის დაწერასაც ვაპირებდი.


თუ ზოგადად გადავხედავთ მედიას, სოციალურ ქსელს, რა სიახლეები განიხილება, რაზე ვსმჯელობთ, რა მოსაზრებები გამოითქმება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა.


ეს ყველაფერი მდარე პოლიტიკური სპექტრის და, შესაბამისად, პრიმიტიული, ნეგატივზე და ურთიერთზიზღზე გათვლილი დღის წესრიგის შედეგია. ამის შესახებ რამდენიმე წელია ვწერ, არაა სიახლე.


თუნდაც ამ ბოლოს, გამომწვევად შემოგდებული, გირგვლიანის თემა რომ გავიაზროთ.


განა მოინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს?! საზოგადოებას უტიფრად ატენიან საკუთარ თავს, საკუთარ ბნელ მოსაზრებებს, ცხოვრების აღვირახსნილ წესებს, შავს თეთრად, სთესავენ ზიზღს...


რატომ არ დაიწერა ეს პოსტი, გირგვლიანთან პარალელების გავლების შესახებ უფრო ადრე?! ტრაგედია ხომ ერთი კვირის წინ მოხდა?!


იმიტომ, რომ ჯერ უნდა "დაეხატათ" ამ ტრაგედიაში მონაწილე სპორტსმენების კავშირები. გვახსოვს ხომ ვისაც დაუკავშირეს?! შემდეგ აიღეს და შეადარეს გირგვლიანის თემას, რათა, თითქოს ერთნაირ ინსტიქტებზე საუბრობს, სინამდვილეში სისტემის ან ხელისუფლების ბრალეულობაზე მიენიშნებინა. ეს იყო მიზანი და მეორე წერილშიც იგივეს ავითარებს.


სოციალურ ქსელში ადამიანთა ჯანსაღმა რეაქციებმა არ მისცათ თემის განვითარების საშუალება და მოუწიათ პოსტის აღება.


იგივე მცდელობა იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიისას, თორემ ის ბავშვები ვის ადარდებდა, ან ახლა ვის ახსოვს?! ისევე როგორც დაივიწყებენ დღევანდელი ტრაგედიის მსხვეროლსაც და ოჯახსაც, როგორც დაივიწყეს ის ოჯახები...


მაშინაც და დღესაც გაიჟღერა გირგვლიანის გვარმა. მაშინაც და ახლაც იმავე სცენარით. ჯერ თემის აჟიტირება, ფსიქოზამდე აყვანა, კუდების გამობმა და ისევ გირგვლიანთან შედარება.


შარშანდელი ივნისის მოვლენებისას მთავარი მიზანი რა ჰქონდათ? მმართველი გუნდისთვის მიეწებებინათ იარლიყები "თქვენც გაისროლეთ", "თქვენც დაარბიეთ" და ა.შ. თორემ, როგორც მერე გაირკვა და ფოტოებიც ვიხილეთ, გავრილოვთან დიდი ხნის "ჩაბრატებულები" ყოფილან.


ამათ გავრილოვი და ტერიტორიული მთლიანობა რომ ადარდებდეთ, თავიანთ სიუჟეტებში ცხინვალს სახელმწიფოდ არ მოიხსენიებენ. ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციაც ხშირად გაიხსენეთ ხოლმე.


აუცილებლად წაიკითხეთ რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, განსაკუთრებით ზოგიერთი ტელევიზიის შესახებ.


ამ ბოლოს ერთ-ერთ გაპოლიტიზირებულ "იუმორისტულ" შოუში ბრძანება "ორი გვამი მინდა" ხუმრობის საგნად აქციეს. თურმე "ორი ტყუპი" მოუთხოვია. ისხდნენ და მდუღარე ცრემლებით იცინოდნენ.


ალბათ, სანამ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები პოლიტიკაში იქნებიან, მუდმივად ექნებათ ეს კომპლექსები გირგვლიანის და სხვა საქმეების გამო, მუდმივად იქნებიან რადიკალიზმზე და ნეგატივზე ორიენტირებულები, რათა შეეცადონ მათზე უარესებად სხვები წარმოაჩინონ.


იმას ვერ ხვდებიან, რომ აი ამ ნეგატივით, მდარე პოპულიზმით, რადიკალიზმით, ზიზღით, აგრესიით, სიცრუეებით და "რეალობის და ფანტაზიის აღრევით", მმართველი პარტიაც გამოწაფეს კრიზისების მართვაში, საკუთარი მხარდაჭერაც გააცამტვერეს.


გაცამტვერებაა, როცა 32 პარტია 32 კაცს ძლივს უყრის თავს ერთი თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე. გუშინაც ხომ იგივე განმეორდა პარლამენტის წინ?!


გუშინ საერთოდ აბსურდის თეატრი იყო. პარლამენტის შიგნით ორი პარტია კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებდა, ქუჩაში კი მათი მომხრეები კონსტიტუციის შეცვლას ითხოვდნენ.


ახლა, ერთადერთ იმედად, აშშ-ს თავდაცვის აქტში რიშის მიერ მომზადებული ცვლილებების მიღება დარჩენიათ. ჩავარდება ეს ცვლილებებიც.


რომც არ ჩავარდეს, ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა გააკეთო, როცა ერთი პირის, ან ბოლო ჩასაბღაუჭებელი ხავსის გამო, ქვეყნის ინტერესებს მიაყენო ზიანი და შეეცადო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის გამოყოფილი დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო?!


გამოვლენ მერე და რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებზე კონფერენციებს მოაწყობენ. რასაც თქვენ აკეთებთ, რომელი ჰიბრიდული შემოტევა გაჯობებთ?


საკუთარ სასამართლო სისტემას აკნინებთ, საოკუპაციო რეჟიმისას აქებთ, მავთულხლართების აქეთ ცხოვრების დონეს აკნინებთ, იქეთა მხარეს აღზევებთ, თქვენთვის აქეთ ყველაფერი ინგრევა, იქეთ ყვავის, ჩვენი ხელისუფლების ეფექტიანობას ლანძღავთ, პუტინის რეფორმატორობას აქებთ. ამდენს მთელი რუსული მედია, ერთად აღებული, ვერ ახერხებს.


ამას წინათ გაგახსენეთ პანდემიის მსვლელობის ეტაპები, როგორ ცდილობდნენ ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლას. არ გავიმეორებ დეტალებს. დევს პოსტი და მსურველი წაიკითხავს. მხოლოდ შეგახსენებთ, ამ თვეებში რამდენჯერ დავწერე მოწოდება, ებრძოლეთ მთავრობას, ხალხს ნუ ებრძვით, ქუჩებში ჩვენი შვილები დადიან მეთქი.


ვის აინტერესებდა სხვისი შვილები? მთავარი იყო ხალხში ჯანდაცვის სისტემისადმი უნდობლობის დანერგვა. მერე რაც მოხდებოდა ხომ ხელისუფლებას დაბრალდებოდა და არა მათ?!


ამ ერთი კვირის მანძილზე მეორედ ვეხები ამ ტრაგედიის თემას. ზოგი დღეში წერს რამდენიმე პოსტს, რითაც საყოველთაო აჟიოტაჟი იქმნება და კარგი ფონია საზოგადოების ემოციებით მანიპულირებისთვის.


არც გულგრილობა ვარგა. განა არ უნდა ვწეროთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ ყველაფერს ოჯახის წევრებიც კითხულობენ.


სხვათაშორის, ეს ცნობილი ჟურნალისტი, მეორე წერილში გიორგი შაქარაშვილის მიერ მიღებულ ისეთ ტრამვებზე წერს, რომლებიც ექსპერტიზით არ დასტურდება. რა მიზანი აქვს ამას?


ჩემს პირველ წერილში დავეთანხმე რამდენიმე მეგობრის გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ წაშლილია ადრე არსებული დაუწერელი წესები.


შემდეგ გაჩნდა პოსტები, რომლებშიც წერენ, რომ თურმე წარმოდგენა არ გვაქვს ძველ ურთიერთობებზე. კასტეტებითაც ჩხუბობდნენ, დანებითაც და დაჩაგვრაც ხდებოდაო.


მერე ვინ ამბობს, ან სად წერია რომ არ ხდებოდა?! ხდებოდა და ჩვენც მოგხვედრია, გვიჩხუბია და ყველაფერი ყოფილა.


წაკითხულს სწორად გაგება უნდა. წესებზე ვსაუბრობდით, რა ითვლებოდა კარგ ტონად თუ სწორ საქციელად და რა არა. შენზე ორჯერ უფროსთან ან უმცროსთან ჩხუბიც არ იყო კარგი ტონი. განა არ ჩხუბობდნენ, კარგ ტონად არ ითვლებოდა. არ გაგიგიათ გამოთქმები "შვილის ტოლა ხარ", "მამის ტოლა კაცი ხარ"?


ერთ-ერთი უფლებადაცველი წერდა ამ დღეებში, თუ გსურთ ტრაგედიები არ მოხდეს, "კაცური კაცები" აღზარდეთო.


ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ვეღარ ახსნის, მათ შორის ვინც დაწერა, რა არის "კაცური კაცობა".


ამავე დროს, თვითონვე ქადაგებენ მამაკაცი არ გამოიყენოთ სქესის გამომხატველად, კაცი და ქალი გამოიყენეთო.


ვერ გაუგია ამ.ხალხს, რომ კაცი, გარდა იმისა რომ სქესზე მიანიშნებს, კიდევ ქცევის და ეთიკის კოდექსს გულისხმობს, მამაკაცი კი მხოლოდ სქესსს. იგივე ეხება ქალსაც. თუმცა, დედაკაცს, რატომღაც, უხეშ ფორმად აღიქვამენ, მამაკაცს არა.


კაცური კაცი კი კარაქიან კარაქს ნიშნავს.


მეორე, როგორ უნდა აღზარდო, როცა ყველა ერთად ებრძვით კაცობას, ქალობას, ტრადიციებს, წესებს, როცა გამოდიხართ და ქადაგებთ, რომ უზრდელობა გამოხატვის თავისუფლებაა?!


ვინმე თუ უფიქრდება, რომ საქართველოში, საშუალოდ, ყოველ სამ დღეში ერთხელ განზრახ მკვლელობა ხდება? გიფიქრიათ, რომ ყოველ 3-4 დღეში ერთხელ აუპატიურებენ?


ნუ გაგიხარდებათ ზოგიერთებს, წინა წლებშიც იგივე, ან უფრო მეტი დანაშაული იყო.


პირველად ვწერ ამ წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესახებ?


პირველად ვწერ, რომ წლებია საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად იქცა, რაც შეგნებულად კეთდება, რათა მოსახლეობაში აგრესიული და დეორესიული განწყობები შექმნან?


ჟურნალისტური სტანდარტია, როცა საინფორმაციო გამოშვებების პირველი ნახევარი კრიმინალს ეხება?


ან როცა ერთ ტრაგედიას ამოვიჩემებთ და დღედაღამ ვატრიალებთ, დანარჩენი 99 ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშმავს? რა ნიშნით ვირჩევთ, ასაკით, სილამაზით თუ მასებზე შესაძლო ზემოქმედების მიხედვით?


ყოველ დღე 100 სამართალდარღვევა (მკვლელობა, ყაჩაღობა, ძაეცვა, ქურდობა, გაუპატიურება, ავტოავარია და სხვა) ხდება. მაშინ ყველაფერი გააშუქეთ და დაარქვით კრიმინალური ქრონიკა.


წლებია ვნერგავთ მავნე ტრადიციებს, წლებია ვაწარმოებთ მავნე საინფორმაციო პოლიტიკას საკუთარ საზოგადოებას...


იქნებ ახლა გადაგიტრიალდეთ რაიმე თავში და საინფორმაციო გამოშვებები დაიწყოთ პოლიტიკით, გააგრძელოთ ეკონომიკით, სოციალური სფეროთი და დაასრულოთ კულტურით და სპორტით. თუ რაიმე მძიმე დანაშაული მოხდა, ჩააკვეხეთ სადმე სპორტის წინ. როგორც აკეთებდით ადრე.


მკვლელობებს და სხვა დანაშაულებს ჩვენ ვერ აღმოვფხვრით. შეგვიძლია ერთობლივი ძალებით მინიმუმამდე დავიყვანოთ დანაშაულის დონე.


ასევე, შეგვიძლია საზოგადოებაში დეპრესია და უიმედობა კი არა, სიყვარული და პოზიტივი ვთესოთ.


არ შეასრულებთ, ვიცი, მაგრამ დავწერე მაინც. თან ვალი მოვიხადე, თან მინდა იცოდეთ, რომ არ ვართ ბრბო და კარგად გვესმის რა მიზნებს ემსახურებით.


რაც შეეხება ტრაგედიას, როგორც წინა წერილში, ახლაც თავს შევიკავებ შეფასებებისგან, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა. ფაქტია, რომ გარდა მძიმე ტრაგედიისა, დანაშაულთა მთელი კასკადია, თუმცა ყველა მონაწილის როლი გასარკვევია,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ