11:45 01.07.2020
"თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი" - პრეზიდენტი ჯარისკაცებს

თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ჯარისკაცებს.

 

მისივე თქმით, ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი, ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა.

 

„დღეს ქართული ჯარისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დღეს თავდაცვის ძალების უფლებამოსილების გადაბარების დღეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ძალებისთვის გაძლიერების და განვითარების ახალი ეტაპი იწყება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მას ევალება ჩვენი თავდაცვის ძალების ოპერატიული მართვა, დაგეგმვა, მზადყოფნა და მთლიანად განვითარება. მეთაურს აბარია უდიდესი პასუხისმგებლობა, მაშინ როცა ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, როცა დარღვეულია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როცა მართვაში სამაგალითო მიზანდასაზულობა და თანმიმდევრულობა მოგვეთხოვება. ურთულეს გამოწვევებთან გამკლავებისთვის აუცილებელია მომავალზე ორიენტირება, შეუფერხებელი განვითარება და რა თქმა უნდა, მტკიცე ნება საამისოდ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია მაგალითი მივცეთ სხვებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა.

 

„მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოს სჭირდება და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში. მინდა განსაკუთრებულო მადლობა ვუთხრა გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას. დღეიდან კი უაღრესად საპასუხისმგებლო მისიას გენერალი გიორგი მათიაშვილი გადაიბარებს. მე სრულ ნდობას ვუცხადებ მას ამ თანამდებობაზე და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თავდაცვის ძალები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. მინდა ქართულ ჯარს მივმართო და მადლობა მოვახსენო პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. თქვენ ხართ სახელმწიფოს საყრდენი.ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის საიმედო ძალა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge