თურქული მასმედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა აშშ-ში არსებულ მუსტაფა ქემალ ათა-თურქის ძეგლთან დაკავშირებული ინციდენტი.
როგორც გაზეთი „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ («Hürriyet Daily News») იუწყება სტატიაში სათაურით „აშშ-ის დედაქალაქში არსებულ მუსტაფა ქემალის ძეგლზე თავდასხმა მოაწყვეს“, ვაშინგტონში, თურქეთის საელჩოსთან მდგარ მუსტაფა ქემალის ძეგლზე უცნობმა პირებმა წარწერა ჩამოჰკიდეს - "დიახ, მე დამნაშავე ვარ კაცობრიობის მიმართ ჩადენილ დანაშაულში!".
თურქეთმა 2013 წელს დადგმული ათა-თურქის ძეგლის ხელყოფა მასზე "თავდასხმად" შეაფასა და ამგვარი მოქმედება მკაცრად დაგმო. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„მკაცრად ვგმობთ მსოფლიოს ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანისა და ჩვენი ქვეყნის დამაარსებელ, ჩვენს ბელად მუსტაფა ქემალ ათა-თურქის ძეგლზე განხორციელებულ თავდასხმას. ამ ვერაგულ თავდასხმაში მონაწილეების შესაბამისად დასასჯელად, ვაშინგტონში ჩვენი საელჩო, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაციებს აწარმოებს. დამნაშავეების დაუყონებლივ დასჯას მოვითხოვთ“.
როგორც ვარაუდობენ, საქმეში ბერძნები არიან გარეულები, რომელთა წინაპრები 1922 წელს სმირნაში (დღევანდელ იზმირში - ს.კ.) მოწყობილ ხოცვა-ჟლეტვის დროს დაიღუპნენ. ისინი მუსტაფა ქემალს ბერძნების გენოციდში ადანასაულებენ. სტამბოლში ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა (ამ პარტიის დამაარსებელი მუსტაფა ქემალია) გიურსელ ტეკინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში მომხდარი ინციდენტი ვანდალიზმის გამოხატულებაა: „ამ უცოდინრებმა ისიც კი არ იციან, რომ სწორედ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ელეფთერიოს ვენიზელოსმა წარადგინა მუსტაფა ქემალის კანდიდატურა ნობელის მშვიდობის პრემიისათვის 1930-იან წლებში“.
წყაროები:
https://www.hurriyetdailynews.com/ataturk-statue-in-us-capital-attacked-156115
https://www.trt.net.tr/georgian/t-urk-et-i/2020/06/30/vashingtonshi-at-at-urk-is-z-egls-t-avs-daesxnen-1445864
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge