დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ეს ანბანური ჭეშმარიტება სააკაშვილის რეჟიმმა უარყო, როცა "გაღლეტილი ვანო" სახელმწიფოს ხერხემლად გამოაცხადა" 01.07.2020 16:09

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ბიუროკრატია" ფრანგული წარმოშობის ტერმინია და მე-17 საუკუნის ფრანგ ეკონომისტს, ვინსენტ დე ბურნეს მიეწერება; "ბიურო" - ფრანგულად საწერი მაგიდაა, ბიუროკრატია - საწერი მაგიდით, სადაც მმართველობითი დოკუმენტები იწერება, მართვას აღნიშნავს;


თანამედროვე, რაციონალური ბიუროკრატიის წარმოშობა ფრანგულ და გერმანულ აბსოლუტიზმს უკავშირდება; "მეფე მზემ" საფრანგეთში და ფრიდრიჰ დიდმა პრუსიაში დაიწყეს პროფესიულად განსწავლული, კარგად გაწვრთნილი, შესაძლოა უგვარო, მაგრამ უნარიანი, გულმოდგინე და უფრო გამოცდილი მოხელეების დაწინაურება; საფრანგეთში - ეს "ინტენდანტების" თანამდებობის შემოღებასთან იყო დაკავშირებული, რომლებიც პროვინციებში საგვარეულო ფეოდალების ძალაუფლებას, მათ განუკითხავ პარპაშს ზღუდავდნენ და უშუალოდ მეფის მიერ დანიშნულნი, სამეფოს და არა ადგილობრივი პარტიკულარული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ;


ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მმართველობის რაციონალურად "ბიუროკრატიზება" საქართველოში 500-600 წლით ადრე მოხდა; დავით აღმაშენებლის რეფორმებმა საფუძველი ჩაუყარა სწორედ საქმეში გაწაფული, კარგად გაწვრთნილი და უშუალოდ მეფის წინაშე ანგარიშვალდებულ-პასუხისმგებელი სამოხელეო აპარატის შექმნას; ეს სამოხელეო აპარატი ცენტრალურ და ადგილობრივ სამოხელეო კორპუსებად იყოფოდა - "ხელმწიფის კარსა შიგან მყოფნი" და "საქვეყნოდ გამრიგე მოხელეთა" ცენტრალიზებულ-იერარქიული, მწყობრი "ინსტიტუციონალური სისტემა" ჩამოყალიბდა; თავად მეფეც კი ამ სისტემის ნაწილი გახდა, როგორც უმაღლესი თანამდებობის მოხელე, რომელიც თავადაც წეს-რიგს და სამეფო საქმის ინტერესებს დაემორჩილა, თავად იძლეოდა ამ წეს-რიგის ურყევობისა და სახელმწიფოს, ერის წინაშე თავდადებული მსახურების, უპირველეს მაგალითს; სწორედ ეს - რაციონალური სამოხელეო სისტემა გახდა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ხერხემალი და საბოლოო ჯამშიც, კერძო, პარტიკულარულის ნაცვლად, საჯარო, ეროვნული ინტერესების, ხოლო პირადი სარგებლის მოტივით თვითნებობის ნაცვლად კანონის უზენაესობის გაბატონებაც, ისტორიულად სწორედ აბსოლუტიზმის უდიდესი დამსახურებაა;


აღსანიშნავია, რომ დიდი ფრანგული რევოლუცია, რომელმაც მონარქია დაამხო, ბიუროკრატიის რაციონალური ორგანიზების, რასაც სათავე ლუდოვიკო XIV-მ დაუდო, პრინციპს არ შეხებია - სუვერენი მეფე შეცვალა დემოსმა, სახალხო სუვერენიტეტმა, მონარქია რესპუბლიკამ, მაგრამ პროფესიული, განსწავლული ბიუროკრატიის წამყვანი როლი, როგორც სახელმწიფოს ხერხემალისა, არათუ არ შეცვლილა, არამედ განმტკიცდა კიდეც;


ინდუსტრიულ ეპოქაში - ბიუროკრატიის როლი, რასაკვირველია, გადამწყვეტია; ერი-სახელმწიფო, ბუნებრივია, წარმოუდგენელია სტაბილური, ეროვნული საქმის ინტერესებით მოქმედი, სპეციალურად ამ მიზნით კარგად განსწავლული და წერილობითი დოკუმენტების მეშვეობით მხოლოდ კანონებით მართვაზე ორიენტირებული სამოხელეო აპარატით.


ეს ანბანური ჭეშმარიტებაც კი უარჰყო სააკაშვილის რეჟიმმა, როცა "გაღლეტილი ვანო" გამოაცხადა სახელმწიფოს ხერხემლად, ხოლო ამ ვანომ თავისი "მოღვაწეობის" დასაწყისშივე გამაოგნებელი რამ თქვა ნაცების საკადრო პოლიტიკაზე: "მთავარია არა პროფესიონალიზმი, არამედ ეფექტურობაო!" ცხადია, "ეფექტურობაში" სააკაშვილის გიჟური დირექტივების განუხრელად განხორციელება იგულისხმებოდა და ეს ერთი-ერთში საბჭოური ნომენკლატურის გადამღერებაა; ნომენკლატურა, რაც ლენინმა შექმნა 1921-ში, სტალინის მიერ ასე განიმარტებოდა: "ეს არის ხალხი, რომელსაც ზუსტად, სიტყვა- სიტყვით ესმის პარტიის დირექტივები და შეუძლია მათი ზედმიწევნით განუხრელად და ეფექტურად განხორციელება."


ეფექტურად განხორციელებაა, როცა ვანო მოუწოდებდა სააკაშვილის ცოცხალ იარაღად ქცეულ, "ორ გვამზე მონადირე" შეიარაღებულ ქვეშემრდომებს: "გამოიყენეთ იარაღი. ხელი არ აგიკანკალდეთო!"


რასაკვირველია, ნომენკლატურის, რაც პატრიმონიალური, ირაციონალური ბიუროკრატიის საბჭოური ნიმუშია, წარმმართველი პრინციპია არა ქვეყნის, კანონის, წეს-რიგისა და სახელმწიფოს მიმართ, არამედ უშუალო უფროსის - "პარტიული ბოსის", ხოლო განსაკუთრებით, მიშას წინაშე ერთგულება, უსიტყვო, მონური მორჩილება და უარესიც: ამ მორჩილების სისტემური და სისტემატური, "ლიტურგიული" დემონსტრირება!


თავად მიშა კი, რომელიც აღმაშენებელს ეტოლება, ბუნებრივია, სისტემის ნაწილი კი არა, არამედ აბსოლუტური მფლობელი, მთავარი მოსარგებლე და ნებისმიერად, სრულად განმკარგველი, როგორც ილია იტყოდა: "ერთი აჯამი, გულქვა, რეგვენი" მესაკუთრე-ბატონი იყო!


ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ კარგად დავინახოთ: სახელმწიფოს აღმშენებლობა პარტების კინკლაობა, პარტიკულარული დაპირისპირება არ არის; უწინარესად ეს - პროფესიული, განსწავლული, საქმისა და ქვეყნის მიმართ ერთგული და თავდადებული, კანონის და არა ძლიერტა ამა ქვეყნისათა დამცველი, სტაბილური სამოხელეო კორპუსის შექმნაა.


მადლობა ღმერთს, დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არ გამოსდის, ნამდვილად ცდილობს ეს გააკეთოს და ერთ-ერთი ტავარი, ფუნდამენტური განსხვავება ნაცების რეჟიმისგან, სწორედ ესეც არის!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ