20:26 01.07.2020
„მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე - გადავწყვიტეთ, ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში“

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულ ნორმას, რომლითაც მედიასაშუალებებს ვალდებულება ჰქონდათ აუდიტის სამსახურისთვის სარეკლამო შემოსავლების თაობაზე ინფორმაცია წარედგინათ, კანონპროექტიდან ამოიღებენ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია. მისივე თქმით, კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, მასში ძირითადად ტექნიკური ხასიათის დაზუსტებები შევიდა.

 

"არსებითად, იგივე სახით იქნება პროექტი წარმოდგენილი, როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში იყო. აუდიტის ნაწილში გვაქვს დაზუსტება, როგორც მოგეხსენებათ მედიასაშუალებებს ეკისრებოდათ ვალდებულება აუდიტის სამსახურისთვის წარედგინათ ინფორმაცია სარეკლამო შემოსავლების თაობაზე. ეს იყო უცხოელი ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაცია, თუმცა, დღეს განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა აუდიტის სამსახურმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი წინადადებების საფუძველზე, გადავწყვიტეთ ეს პუნქტი აღარ ავსახოთ კოდექსში და ამასთან დაკავშირებით მიღწეულია კონსენსუსი", - განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი დღეს რიგგარშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცეს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge