დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება, როცა დიპლომატიურმა კორპუსმა კონკრეტული ფიგურის მიმართ ასე ღიად დააფიქსირა პოზიცია“ 01.07.2020 21:19

Makaterina Katerina:

 

თუ აკვირდებით, ბოლო დროს, უპრეცედენტო მოვლენებთან გვაქვს საქმე. უპრეცედენტობა ნეტავ, ვის უკვირს ამ ქვეყანაში, მაგრამ პოზიტიური პრეცედენტების ნაკლებობას რომ ნამდვილად განვიცდით, ფაქტია. ჯერ, 8 მარტის შეთანხმების დეტალებზე რომ ღიად ალაპარაკდა ევროპის ლოკომოტივი სახელმწიფოს ელჩი, ეს იყო უპოზიტიურესი პრეცედენტი, რადგან დიპლომატიური ეტიკეტი ამგვარ ქმედებას არ ცნობს, მაგრამ როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა ადამიანს ამდენი იწილო-ბიწილო, პოლიტიკური გამიშვი-დამიჭირე და თქვა ის, რაც თქვა. ამისთვის ამ წესიერმა ადამიანმა ათასი უგვანოსგან სრულიად დაუმსახურებელი კრიტიკა მიიღო, რასაც სავარაუდოდ, ელოდა კიდეც, მაგრამ ამის გაკეთება საჭიროდ ჩათვალა და გააკეთა. მარტო პოლიტიკოსებს კი არა, მედია ბიცოლებსაც მიუთითა, ჟურნალისტური ეთიკა დაიცავით, ყველაფრის კადრება არ შეიძლებაო და ეგ არაფერი, მის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია ჯერ კარგად გახურებული არ იყო, რომ მეორე უპრეცედენტო მესიჯი გაუგზავნა ადრესატებს; ამჯერად, ქვეყნის დირექტორებად მოვლენილ ენჯეოშნიკებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მაგალითად, სოფიო კილაძე დაკავებული თანამდებობისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, მით უმეტეს, გაერო-ში არაფერი ესაქმება და ღიად თუ ფარულად დაიწყეს მის მოსაშორებლად ზრუნვა, რათა სხვისით, მათთვის ხელსაყრელი კადრით ჩაენაცვლებინათ და საკუთარი ინტერესების გამხმოვანებლად გამოეყენებინათ. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება და როგორც ვიცი, კანდიდატიც შესაფერისი ჰყავთ შერჩეული - კაი მსუყე ხელის ბიჭი.

 

ჰოდა, გერმანიის ელჩმა არც აცია, არც აცხელა და ქვეყნის დირექტორებს შეახსენა, რომ ეს ქალბატონი თანამდებობისთვის დიახაც, რომ შესაფერისია. გერმანიის ელჩის განცხადებას მოჰყვა ავსტრიის ელჩის განცხადება, ავსტრიის ელჩის განცხადებას - საფრანგეთის ელჩის განცხადება და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, მათი სია უსასრულოდ გაგრძელდეს. უპრეცედენტო მოვლენები თქო, რომ ვთქვი, ტყუილად არ მიხსენებია ეს სიტყვა, რადგან მსგავსი პრეცედენტი მე არ მახსენდება, როცა ქვეყანაში წარმოდგენილმა დიპლომატიურმა კორპუსმა და მით უმეტეს, დიპლომატიის მეტრებმა კონკრეტული ფიგურის მიმართ ასე ღიად დააფიქსირეს პოზიცია. ეს არ არის პატარა ამბავი, არც ქვეყნისთვის და არც პიროვნული კუთხით, რადგან მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს დამსახურება უნდა და დიდი შრომა, რომ ეს ადამიანები შენ მიმართ კეთილად განაწყო და მხარი ასე ღიად დაგიჭირონ მაშინ, როცა ქვეყნის ენჯეო დირექტორებს თვალში არ მოუხვალ.

 


ამ ენჯეო დირექტორების ავან-ჩავანობის თხრობას არ შევუდგები, ისედაც ყველას მოგვეხსენება, ვინ საიდან მოდის, ვის ახმოვანებს, რითი სუნთქავს და რატომ. არც მათ "მოღვაწეობაზე" საუბრით გავიგრძელებ სიტყვას, რაც საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოუდგენელ მავნებლობაში გამოიხატება, რადგან ამ მეხუთე კოლონის ჩამოყალიბებაზე იმხელა რესურსია დახარჯული და დღემდე იხარჯება, რომ სულ მცირე დაკვირვებაა საჭირო, რათა მიხვდე, ვის სჭირდება ასე საგანგებოდ გაწვრთნილი კასტა და რისთვის. შორს რომ არ წავიდე, მარტო ის ფაქტი რად ღირს და რამდენად ბევრის მეტყველია, რომ ნაცმოძრაობისა და რიგი ენჯეოშნიკების ხელწერა თუ მესიჯბოქსი ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს და ერთმანეთსვე აძლიერებს.

 

ჰოდა, ასეთ დროს, მსგავსი პრეცედენტი, როცა დიპლომატიის მეტრები კონკრეტულ ფიგურას მხარს უჭერენ და ამ მეხუთე კოლონას საკუთარ ადგილზე მიუთითებენ, დიდი ამბავია, ძალიან დიდი ამბავი და მიკვირს, საზოგადოებამ ეს უჩვეულო პრეცედენტი ყურადღების მიღმა რომ დატოვა.
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. და კიდევ, ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქის მადლობა ელჩებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის ელჩს. მადლობა, რომ დგახართ ჩემი ქვეყნის, ჩემი თანამოქალაქეების გვერდით და ჩვენს გულისტკივილს იზიარებთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ