13:28 02.07.2020
ახალ ჩარტერულ რეისებზე ბილეთის მაქსიმალური ფასი განსაზღვრული იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ახალ ჩარტერულ რეისებზე ბილეთის მაქსიმალური ფასი განსაზღვრული იქნება და ამ რეისების შესრულებაზე „აირზენას“ გარდა, სხვა ავიაკომპანიების მხრიდანაცაა დაინტერესება.

 

„აირზენა“ გააგრძელებს კომერციული ჩარტერების შესრულებას ოღონდ რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით, მაგრამ რა დავალებაც ახლა მივიღეთ პრემიერისგან, ეს არაა კომერციული ჩარტერები, სადაც ავიაკომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესებს ფასებს და „აირზენას“ თავის კომერციულს ჩარტერებზე ძალიან მაღალი ფასები აქვს. ახლა საუბარია სოციალური ფრენების სუბსიდირებაზე, ბილეთის შეზღუდული ღირებულებით, რომელსაც სახელმწიფო კონკრეტულ ავიაკომპანიებს დაუკვეთავს. ეს კვლავაც შეიძლება იყოს ნაწილობრივ „აირზენა“, მაგრამ სხვა ავიაკომპანიების მხრიდანაც ვხედავთ დაინტერესებას,“-აღნიშნავს თურნავა.

 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად ეკონომიკის სამინისტროს ჩარტერული რეისების გრაფიკის შემუშავება დაავალა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბილეთის მაქსიმალური ღირებულება 200 ევრო იქნება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge