16:47 02.07.2020
"ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ" - კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ პუტინის მოკავშირე ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა.

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში რუსული ინტერესები გატარდეს.

 

„ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი 7 წელი ოპოზიციაში ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”, განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულია კონგრესმენ მარკუენ მალინის სტატია, რომლის სათაურია: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის მხარი უნდა დაუჭიროს“, სადაც კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს.

 

„ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენა დემოკრატიის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. დააკვირდით საქართველოში არსებულ ვითარებას, რომ ნახოთ, ეს გავლენა მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან”,- აღნიშნულია სტატიაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge