ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში, მთელმა მსოფლიომ იხილა ეს სასწაული - ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება. საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობის მიუხედავად, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, სადაც მღვდელმონაზონ მიქაელ ჰერელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ლოცვა აღევლინა. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხს ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები აქვს, საქართველო უდიდესი სახელმწიფოების გვერდით პანდემიის პირობებში გაცილებით უფრო დაცული აღმოჩნდა. ასევე მეუფე დანიელმა აბიტურიენტებს საქართველოს პატრიარქის დალოცვა გადასცა.
“ჰერეთი - ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ისტორიული საქართველო. ჩვენი ტკივილი ყოველთვის, ისტორიულად, იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დღესაც ეს ტრაგედია, ტკივილი აქვს საქართველოს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ერთგული მსახურებით ღვთისა და მამულისადმი იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ისეთი ქვეყანა, რომელიც იქნება სულიერად და ფიზიკურად ძლიერი და რომელიც მიაღწევს მშვიდობას. მშვიდობის მიღწევას სჭირდება სიბრძნე, დიდი ფიზიკური ძალა, უნარი დიდი აღმშენებლობის. მხოლოდ სიყვარულით და მშვიდობით შეიძლება საქართველოს გამთლიანება და ჩვენ ბრმად გვწამს, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის, თავისი ისტორიის განმავლობაში მიუხედავად თავისი მრავალრიცხოვანი მტრისა, ინარჩუნებდა თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას, ინარჩუნებდა მთლიანობას და დაკარგვის შემთხვევაში აუცილებლად აღადგენდა. ეს არის საოცარი ისტორია, ისტორია სასწაულებრივი, რომ ამ მცირერიცხოვანმა, უძველესმა ერმა, რომელიც დედამიწაზე უძველესი დროიდან არსებობს, როდესაც დედამიწაზე ხალხები არსებობდნენ, მაშინ ჩამოყალიბდა და ქართული ეთნოსი ერთ-ერთი პირველია, გაუძლო ყველაფერს, დღემდე მოვიდა. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა, დიახ, გადარჩა ორი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ იგი იყო მამულისათვის და ღვთისათვის თავდადებული. ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს, გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას.
ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს ჩვენს სინამდვილეში და არა მარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობები გვაქვს, როგორც ფიზიკური ისე სულიერი, როგორ აღმოჩნდა ეს ქვეყანა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე, გაცილებით უფრო დაცული. რასაკვირველია, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალ-ღონე არ დაიშურა და ასეთ ხალხს, ვინც ბოლომდე იბრძვის, ქვეყნისთვის, კეთილდღეობისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისთვის, ღმერთი სასწაულს მოუხდენს. ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში, მთელმა მსოფლიომ იხილა ეს სასწაული - ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება. საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობის მიუხედავად, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. ეს არის სასწაული. ასე მოვდივართ დღემდე სასწაულებით და სასწაულს მოუვლენს ღმერთი ჩვენს ერს, რომელიც არის ერთგული, თავდადებული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული შვილები ჰყავდა საქარველოს ისტორიულად და იმიტომ გადარჩა”, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge