დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"არა გამრუდებულ ლიბერალიზმს, არა ნეო ფაშიზმს!"- გიორგი ცუცქირიძე 07.07.2020 12:05

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"არა გამრუდებულ ლიბერალიზმს, არა ნეო ფაშიზმს!


ვეთანხმები მოსაზრებებს, რომ მართლა ეპოქალური იყო პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრა სამხრეთ დაკოტაში, რაშმორის მთასთან სადაც მან ღიად ყოველგვარი პოლიტ კორექტულობის თუ მიკიბვ - მოკიბვის გარეშე, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თანამედროვე დამახინჯებული - ლიბერალობა, უდრის ტოტალიტარიზმს!


ნეო ლიბერალიზმის კრიზისის კიდევ ერთი გამოხატულება ევროპაში მზარდი მემარჯვენე რადიკალიზმია, რომლისთვისაც არც პოპულიზმი, და არც ნეო ფაშიზმია უცხო. ევროპულ რადიკალურ მემარჯვენე ძალებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ასპექტებისა, აერთიანებს სუვერენიზაციის მოთხოვნა „ბრიუსელის დიქტატურის“ წინააღმდეგ, და იმდენად არის ანტაგონიზმში გადაზრდილი, რომ ბრიუსელი გაცილებით დიდი მტრად არის მიჩნეული, ვიდრე თუნდაც პუტინისტური რუსეთია! რუსული ჰიბრიდული გავლენების მკვებავი წყაროც, დიდწილად აქედან მოდის.


ნეო ლიბერალიზმის მთავარი მიღწევა რაც ასე რეკლამირდებოდა, ბოლო ათწლეულში, სოციალური თანასწორობა და კლასობრივი ბრძოლის დასასრული - აღმოჩნდა დიდი ტყუილი. ფიგურალურად, რომ ვთქვათ თუ მორალი მეტ მოგებაზე არის მხოლოდ ორიენტირებული, მაშინ აღარ არსებობს პრინციპული დაპირისპირებაც, პირად სარგებელსა და მორალს შორის. ამ თავისუფალ ბაზარზე აგებული ეკონომიკური თავისუფლების ფილოსოფია, სადაც სოციალური სახელმწიფო უბრალოდ გაძევებულია, არის მოგება ყველაფრის სანაცვლოდ! საბოლოოდ ამას შეეწირა დასავლეთის ინდუსტრიალიზაცია, რომელიც იაფი მუშა ხელის პერსპექტრივით ჩინეთის ერთ დიდი ფაბრიკად გარდაისახა. ევროპაში მემარჯვენე რადიკალური მოძრაობების მომძლავრებც ნეო ლიბერალიზმის კრიზისის კიდევ ერთი დასტურია.


მართალია, დასავლეთში მომსახურების სერვისების და ტექნოლოგიების გაუმჯობრესებამ ცხოვრების დონე გაზარდა, მაგრამ სოციალური პროგრამები, უმუშევრობის დახმარების და დაზღვევის სისტემა, საკმარისი არ აღმოჩნდა. ადამიანთა არც თუ მცირე ნაწილმა თავი იგრძნო საზოგადოებრივი აქტივობიდან გარიყულად, რასაც დაერთო 2007 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ემიგრაციის კრიზისი სირიის კონფლიქტის შედეგად. გაიზარდა სკეპტიციზმი არსებული სისტემის უალტერნატივობის და ზოგადად სამართლიანობისადმი, რამაც გაამძაფრა მომავლისადმი უიმედობა.


ამ გლობალურ კონტექსტში, საქართველოში როდესაც აქცენტები ნაციონალური მოძრაობის პერიოდში გატარებული ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების ეფექტურობაზე აქცენტირდება, არის გამრუდებული რეალობა, რადგან რეგულაციების შემცირების პარალელურად, ძლიერდებოდა სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა და კონტროლი ეკონომიკაზე; იგი მიმდინარეობდა ქონების ექსპოპრიაციის, ბიზნეს-ტერორის პირობებში, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით და საზოგადოებაზე ტოტალური კონტროლით.


მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მიერ, განვლილ წლებში ამ რეპრესიული მანქანის დემონტაჟისათვის ბევრი გაკეთდა, ნეო ლიბერალური კრიზისის გავლენა ჩვენთან მაინც თვალშისაცემია. ქართულ პოლიტპასეანსში ნაციონალური მოძრაობა და მისი იდეოლოგიური განშტოებები, თუნდაც გირჩი, ევსაქები და ვაშაძე ჯუნიორის მოძრაობა, მხარდაჭერილი მედია სივრცით, ერთი დიდი ნეო ლიბერალური კლასტერია.


სამწუხაროდ, ქვეყანა კონსერვატიული პოლიტიკური ვექტორის სერიოზულ ნაკლებობას განიცდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ეს თემა ნეო ლიბერალური მედია და პოლიტიკური სივრცის მიერ, წლების მანძილზე ტაბუირებული იყო. მართალია, პატრიოტთა ალიანსი საპარლამენტო პარტიაა, მაგრამ კონსერვატორულ დღის წესრიგს მაინც ვერ ქმნის ორგანიზაციული, ფინანსური თუ კონცეპტუალური სისუსტის გამო. ქართული მარშის, ქართული იდეის და სხვა მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ეტიმოლოგია, ჩაცმის სტილი და თემატიკა მსგავსია ევროპული მემარჯვენე რადიკალი ჯგუფებისა, თუმცა რუსული ულტრასების გავლენაც არანაკლებია. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქტიურად იყენებს სხვადასხვა უმცირესობების წინააღმდეგ ბრძოლას და ანტიმიგრაციულ პოლიტიკას. მართალია, აპროტესტებს ნარკოპოლიტიკასაც, მაგრამ ოკუპირებულ ქვეყანაში პრაქტიკულად არ აპროტესტებს რუსულ ოკუპაციას და გარკვეულ პარარელს რადიკალურ ევროპულ ანალოგებთან ამითაც პოვებს.


თუ წმინდა კონსერვატორული კონცეფციის მხრიდან შევხედავთ, ამ ჯგუფებს ნაკლები აქვთ საერთო კონსერვატიზმთან და მით უმეტეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, თერგდალეულებთან და ზვიად გამსახურდიას შეხედულებებთან. თავის დროზე საბჭოთა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციისათვის, და „ეთნონაციონალურ პატრიოტიზმად“ წარმოსახვისათვის. არადა ეროვნული ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი იყო ტრამპის სლოგანის -ამერიკა პირველ რიგში, იდენტური, რაც სპეციალურად დაამახინჯეს და „საქართველო ქართველებისათვის“ გადააკეთეს და „პროვინციულ ფაძიზმადაც“ კი მონათლეს. ამ პროპაგანდისტურ საინფორმაციო ომში მაშინ აქტიურად იყო ჩართული ქართული ე.წ დემოკრატიული ოპოზიციაც, რომლის ნარჩენები დღეს შალიკოს ფანჩატურშია შეკრებილი და ისტორიის განაჩენს ელოდება.


"ნაციონალიზმი" და "ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას, ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი. -ასე აფასებდა ნაციონალიზმს ზვიად გამსახურდია და დღეს ეს შეფასება როგორც არასდროს ისეა აქტუალური.


თერგდალეულების და ილიას ერთ-ერთი მთავარი სლოგანი კი განათლების საკითხი იყო, ეს ჯგუფები გარდა ემიგრაციის საკითხისა, და ეროვნულ იდენტობაზე გამუდმებული აპელირებისა, პრაქტიკულად არ აყენებენ განათლების თემატიკის პრიორიტეტს, რაც არის იდენტობის მნიშვნელოვანი მანტრა. მით უმეტეს, რაც ვანდალურ ექსენშია გადასული ძეგლების, და ზოგადად ისტორიული ფასეულობების შეურაცხყოფა განათლების საკითხს უკავშირდება, როგორც შედეგი- ფსევდო-ლიბერალური და მახინჯი მემარცხენე განათლების სისტემისა. განათლების საკითხი არანაკლებ აქტუალურია ჩვენს სინამდვილეშიც.


დღეს როდესაც მსოფლიო შედის გლობალური გადაფასების ახალ ერაში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თვითმყოფადობის და განვითარების ახალი პარადიგმის ძიება. გასულ ეპოქებში ჩვენი, როგორც ერის გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტი იყო არა მხოლოდ წარსულის კულტივირება, არამედ გლობალურ ცვლილებებთან ადაფტირება, რაც შემდეგ მოპოვებული ცოდნის ექსპორტით ხდებოდა.


ქართული კონსერვატიზმის დაბადება მხოლოდ დროის ამბავია, ამის ინტელექტუალური რესურსი ნამდვიალდ არსებობს. არა გამრუდებულ ლიბერალიზმს და არა ნეო ფაშიზმს!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ