დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„დოკუმენტი შემუშავების ადრეულ ეტაპზეა“ - ჩამოაჭრიან თუ არა დახმარების 15 პროცენტს საქართველოს 07.07.2020 21:23

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, შემუშავების ხანგრძილივი პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა თუ რა ფორმას მიიღებს ის საბოლოო ჯამში. როგორც მახარობლიშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი შემუშავების ადრეულ ეტაპზეა.

 

„როდესაც საბიუჯეტო კანონზე ვსაუბრობთ, მინდა ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვან ჩანაწერს, რომელიც 4 წლის წინ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევითაც გაჩნდა ამ დოკუმენტში და რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და არაღიარების პოლიტიკასთან. კერძოდ, ეს დოკუმენტი ბოლო 4 წელიწადია ძალიან მკაფიოდ საუბრობს როგორც ოკუპაციის თემატიკაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სანქციებს აწესებს ყველა იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელიც კავშირში შედის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ბუნებრივია, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩანაწერი და ჩვენი ძალისხმევა სწორედ მსგავსი ჩანაწერების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

 

რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დოკუმენტი შემუშავების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. ის წარმოდგენილ იქნა შესაბამისი კომიტეტის ქვეკომიტეტის მიერ პროექტის სახით, ის ექვემდებარება შემდგომ განხილვებს კომიტეტის ფარგლებში. მსგავსი პროცესი უნდა წარიმართოს სენატის ქვეკომიტეტში და შესაბამის კომიტეტებში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დოკუმენტის შეთანხმება და შეჯერება წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის. შესაბამისად, როგორც ჩანს, დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს შემუშავების და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა ფორმას მიიღებს საბოლოო ჯამში. მით უმეტეს, იმ პროცესების ფონზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით და ამ კონტექსტში იმ გამოხმაურებების ფონზე, როგორც კონგრესის მხრიდან, ასევე სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაკეთდა ბოლო პერიოდში. ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც ზოგადად ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაციას მათი მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ