დღე: 8

ღამე: -1

USD 2.8082

EUR 2.9174

"ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის" - გახარია 10.07.2020 14:34

ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის," ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაშბაშის კანიონი დაათვალიერა, რომელიც ლამაზი ხედებით გამოირჩევა და ევროპის კანიონებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

 

პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.

 

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები