12:13 11.07.2020
"უცნაურად იქცევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომელსაც ჩინეთის შესაკავებლად ერთადერთი მოკავშირე შეიძლება ჰყავდეს - ეს არის რუსეთი"

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ახლა კი დავეშვათ მიწაზე: ძალიან რთული კონფიგურაცია იქმნება რეგიონში. მართალია, კორონაპანდემიამ გადაავადა რუსეთ-თურქეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება სირიაში, კერძოდ, იდლიბის პროვინციის გამო, თუმცა, როგორც ჩანს, ერდოღანი უქმად არ მჯდარა და აია სოფიასთვის სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება (იმას გარდა, რომ ეს მორიგი სავაჭრო თემაა აშშ-თან), უპირველესად, რუსეთის გასილაქებაა (სწორედ რუსეთს მიაჩნია თავი ბიზანტიის მემკვიდრედ და მესამე რომის სტატუსი აქვს მორგებული (ეს მეოტხე რატომ წამომიტივტივდა?! ეტყობა - არ მემეტება მესამეობა, რადგან, ცოდვა გამხელილი სჯობს და, მგონია, რომ ჩვენ ვართ მესამე რომი), ასევე, პრ. პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ სრუტეებია დასაბრუნებელი და მისთანანი, იმას გარდა, რომ რუსეთის იმპერიის სტრატეგიული კურსი ეკატერინედან მოყოლებული გულისხმობდა სამხრეთით ჩასვლასა და შავი ზღვისკენ სრუტეების ხელში ჩაგდებას).


ეს აქტივობა ერდოღანს, უდავოდ, გაუმყარებს ავტორიტეტს აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოების თვალში, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება მისი მადა სამხრეთ კავკასიაში უპირობო გავლენის მოსაპოვებლად და რუსეთის შესავიწროებლად (სხვათა შორის, ეს ზრდის უშუალოდ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების ალბათობასაც).


ამასობაში კი, რა ხდება დასავლეთში? ერთობ უცნაურად იქცევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომელსაც ჩინეთის შესაკავებლად ერთადერთი მოკავშირე შეიძლება ჰყავდეს - ეს არის რუსეთი.


მესმის, რომ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს შესაძლოა, ჰქნოდა მოტივი (პირადი, ზოგადსაკაცობრიო, ვიწროპარტიული, ფართოპარტიული და ა. შ.), დაექნია თითი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ფულის ჩამოჭრით დაგვმუქრებოდა (პათოსით, ქართული დემოკრატია უზადო არააო, თმცა აი, მაგალითად, ერდოღანს სულ წითელ კვერცხებს უგორებენ, თუმცა ზედ დაამხო დემოკრატიაც და ამაზე მეტიც, მაგრამ ეს სხვა მსჯელობის თემაა).


ოღონდ ვერავინ დამარწმუნებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა ისეთუ გულუბრყვილოა, ვერ გათვლიდეს, რომ ასეთი აშკარა ზეწოლა გამოიწვევს ანდისავალური განწყობების ზრდას (რაც არ ნიშნავს პრორუსულობას, მაგრამ არაა კარგი). აგრეთვე, ნიშანდობლივი იყო, საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადება, არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ რფ ჩაერევა საქართველოს არჩევნებშიო - ეს ჰგავდა თადარიგის დაჭერას არჩევნების შედეგების შეფასებისას, რაც მე მაფიქრებინებს, რომ აშშ და რფ, არ არის გამორიცხული შეთანხმებების (მათ შორის, გავლენებზე) ვარიანტებს განიხილავდნენ.


თუმცა, ამ ყოველივეს აქვს დადებითი მომენტებიც, ანუ შესაძლებელია სარგებლის მიღებაც მანევრირებით, ამაზე მოგვიანებით." - წერს ხაჩიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge