დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ეს დოკუმენტები სრულიად საკმარისია, რომ სააკაშვილი ჰააგის სასამართლომ საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით გაასამართლოს!“ - გამქრალი მილიარდის კვალდაკვალ 12.07.2020 18:16

სულ ახლახან, პარლამეტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა – სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიარდნახევარი ლარი დაიკარგაო. მე ვიცი, როგორ და სად „დაიკარგა“ ეს ფული და მზად ვარ, დოკუმენტებიც წარმოვადგინო, თუ გამოძიება დაიწყება – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ტრისტან წითელაშვილმა: 


 – არ გამკვირვებია ირაკლი სესიაშვილის გამოსვლა, რადგან ნაცების რეჟიმის ამ დანაშაულს, სამხედრო ექსპერტების ჯგუფი 2013 წლიდან ვიკვლევთ და მოვიპოვეთ ყველა დოკუმენტი, თუ როგორ ხდებოდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხების გადარიცხვა ოფშორულ ზონებში.  თანხები, რომელიც ქართველმა ხალხმა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის გაიღო, სინამდვილეში, რეჟიმის მაღალჩინოსნების და მათი უცხოელი მფარველების ჯიბეებში ილექებოდა. ქართველი ხალხის ფულის მითვისებაში სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ექვსივე თავდაცვის მინისტრი – გიორგი ბარამიძე, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ვასილ სიხარულიძე, დიმიტრი შაშკინი, ბაჩანა ახალაია და მათთან ერთად, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე მონაწილეობდნენ. რაღა თქმა უნდა, სააკაშვილის გარეშე ისინი თითსაც ვერ გაატოკებდნენ! 

 

 – მაგრამ, მილიარდნახევარი არ არის ლარნახევარი. რა მექანიზმით მოხდა ამდენი  ფულის მიტაცება? 

 

 – მე თქვენთან ინტერვიუზე ხელცარიელი არ მოვსულვარ. მოვიტანე კონკრეტული დოკუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც, მოგიყვებით დანაშაულებრივი სქემის შესახებ. აი, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის ბიუჯეტი, სადაც ჩანს, რომ თავდაპირველად პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს 500 მილიონი ლარი გამოუყო, ხოლო 6 თვის შემდეგ, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, გივი თარგამაძის წინადადებით, პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა და თავდაცვის სამინისტროს დამატებით კიდევ 500 მილიონი ლარი გამოუყო, ანუ, ჯამში – 1 მილიარდი ლარი!  აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს წინა წლებშიც დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ 2007 წლამდე ამდენი – არასოდეს გადასცემია.

 

 – ომისთვის ემზადებოდნენ?

 

 – სინამდვილეში, ეს გახლდათ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულებრივი კომერციული ოპერაციის დასაწყისი. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მკვეთრად გაზრდამდე სააკაშვილმა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ იუშენკოსთან ხელშეკრულება გააფორმა (მიჩვენებს ხელშეკრულების დოკუმენტს – ზ.დ.), რომლის მიხედვით, უკრაინა ვალდებულებას იღებს, უკრაინული ფირმის, „უკსპეცექსპორტის“ (ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი) დახმარებით  აღჭურვოს საქართველო შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით. უკრაინიდან შემოსული იარაღი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ფორმდებოდა. აგერ, მე მაქვს დოკუმენტები, თუ რომელ წლებში რა იარაღი შეისყიდა საქართველომ, რომელი გემებით წამოიღეს აღჭურვილობა უკრაინის კონკრეტული პორტებიდან საქართველოსკენ. ხოლო 2007 წლის მეორე ნახევარში საქართველოს უკრაინისგან ნაყიდი აქვს 6 დივიზიონის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „БУК – М-1.“ ამასთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იყიდა 48 მართვადი საზენიტო რაკეტა (მიჩვენებს დოკუმენტს – ზ.დ.); ასევე 200 ერთეული „სტრელა“ და „იგლა.“ ეს იარაღი საქართველოსთვის იმხელა ფუფუნება გახლდათ, რომ მთელ ქვეყანას თავდაცვით „ქოლგას“ გაუკეთებდა! ასეთი შეიარაღება მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებს გააჩნიათ!

 

 – რა არის ამაში ცუდი? მითუფრო,  მითუმეტეს, როცა წინ 2008 წლის ომი გველოდა?

 

 – საქმეც მაგაშია, ეს იარაღი რომ ჩვენ 2008 წლის ომის დროს გვქონოდა, საქართველოში ბუზიც ვერ შემოფრინდებოდა, არამცთუ, რუსული თვითმფრინავები. ხომ ფაქტია, რომ იარაღი შეისყიდეს? მაგრამ  „БУК – М-1“  საერთოდ არ გამოუყენებიათ ომის დროს! საქმე იმაშია, რომ ეს იარაღი საქართველოში არც შემოსულა, არამედ, მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირდა! 

 

 -ეს როგორ? ამხელა აფერა – რანაირად ჩაიდინეს? სად წაიღეს შესყიდული იარაღი?

 

 – აი, მივადექით თაღლითურ სქემას! ქართულ მხარეს შეეძლო, „უკსპეცექსპორტთან“ პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინა იარაღის შესაძენად. ამ მიზნით სააკაშვილს თავის პირად მეგობარ იუშენკოსთან კონტაქტზე გასვლა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ „რატომღაც,“ საქმეში შუამავალი ფირმა, „ბელტრეინინგი“ ჩარიეს, რომელიც ოფშორულ ზონაში, კერძოდ, სეიშელის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. თანხები, რომლითაც საქართველო იარაღს ყიდულობდა, უკრაინაში კი არა, ამ ფირმაში და მის შვილობილ კომპანიებში ირიცხებოდა და ნაწილის დატაცება ამ შემოვლით გზებზე ხდებოდა, რადგან იარაღი გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე საქართველო იხდიდა.

 

– ნუთუ, არავინ აკონტროლებდა ამ თაღლითობას? 

 

 – ამაზე უარეს თაღლითობაზეც მოგახსენებთ. შესყიდული იარაღის საქართველოსთვის გადასაცემად უკრაინელებმა შექმნეს სპეციალური კომისია. გეგმის მიხედვით, იარაღს საქართველოში უნდა ჩამოყოლოდნენ უკრაინელი სპეციალისტები, რათა ქართველი სამხედროებისთვის მისი მოხმარება ესწავლებინათ. როდესაც უკრაინელმა სპეციალისტებმა უკვე სენაკის ბაზაზე განთავსებული ტექნიკა იხილეს, უკიდურესად განცვიფრდნენ, რადგან ეს ის არ იყო, რომლის მიღება-ჩაბარების აქტიც გაფორმდა! არამედ, იყო ჩამოწერილი ტექნიკა, რომელიც ჯართად დაჭრას და უტილიზაციას ექვემდებარებოდა! ანუ, იარაღი, რომელიც საქართველოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, რეალურად ჩვენს ქვეყანაში არ ჩამოსულა და მის ნაცვლად შემოვიდა უსარგებლო ჯართის გროვა, სააკაშვილმა იარაღის ნაცვლად ჯართი იყიდა! ამის შემდეგაც გრძელდება სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმაში ქართველი ხალხის ფულის გადარიცხვა და საქართველო 20 მილიონ დოლარად „ყიდულობს“ 200 ერთეულ „იგლას“ და „სტრელას,“  რომლითაც 10 კილომეტრის სიმაღლეზე ნებისმიერი საფრენი აპარატის ჩამოგდება შეიძლება. – აი, შეძენის დამადასტურებელი საბუთიც (მიჩვენებს). გამოძიება თუ დაიწყება, ამ საბუთის ნამდვილობა იოლად დადგინდება, მაგრამ ნუ მკითხავთ, მე რა გზით ჩამივარდა ხელში. ეს იარაღი რომ გვქონოდა, მტერი გორს, მარნეულს და თბილისის გარეუბანს ვერ დაგვიბომბავდა. ეს იარაღი იყო მხოლოდ ქაღალდზე! 

 

 -ამხელა აფერის გამჟღავნების, საერთაშორისო სკანდალის როგორ არ შეეშინდა? 

 

 – რა შეიძლება იყოს გამოსავალი, როცა იარაღის ნაცვლად ჯართს ყიდულობ? – რაღა თქმა უნდა, ომი! ომი – რომელიც ყველაფერს ჩამოწერს! ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი…  იმავე 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოყო 23 მილიონი დოლარი, ნატოსთან დონესთან თავსებადი „ჰარისის“ რადიოსადგურების შესაძენად, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება. არადა, 2008 წლის ომის დროს კავშირგაბმულობის სისტემა მწყობრიდან 1 დღეში გამოვიდა მხოლოდ 1 დღე გაძლო და ამის მერე მეთაურები მობილური ტელეფონებით იძლეოდნენ ბრძანებებს… ამ შემთხვევაში, თაღლითურ სქემაში იკვეთება ამერიკული მხარის მონაწილეობა, რადგან „ჰარისების“ ნაცვლად, ქართველებს გადასცეს ძველი, ვიეტნამის ომის დროინდელი რადიოსადგურები. 2007 წელს თავდაცვის სამინისტრომ 30 მილიონი გამოყო თბილისში, ხოლო 10 მილიონი – გორში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების ასაშენებლად – არსად არაფერი აშენებულა, ეს ფულიც გაქრა! 2,5 მილიონი გამოიყო ღამით ხედვის მოწყობილობების შესაძენად, რაც 2008 წლის ომის დროს თავდაცვის სამინისტროს საერთოდ არ ჰქონია! აქ არის მითითებული 15 მილიონი – გორში ახალი სამხედრო ბაზის ასაშენებლად. მის ნაცვლად აშენდა სულ რამდენიმე შენობა, აუდიტის სამსახური იოლად დაადგენს, რომ ეს შენობები ამდენი არ დაჯდებოდა. ქუთაისის გარნიზონის რეკონსტრუქციაც, არ მომხდარა და საამისოდ გამოყოფილი 8 მილიონი აორთქლდა. მე რაც დაგისახელეთ, სწორედ ის თანხებია, რომელსაც ბატონი ირაკლი სესიაშვილი დღეს დაეძებს!


 – ამერიკის ხელისუფლება ვერ წაუყრუებდა ამხელა აფერას

 

 – მოგახსენებთ და მერე განსაჯეთ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაცემის საბუთებზე ხელს აწერდა გ. ბერძენიშვილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეძენილი იარაღის მიღებაზეც. ის პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა და როცა დაინახა, რომ ნაყიდი საქონელი რამდენჯერმე ვერ მიიღო, წერილით მიმართა აშშ-ს მაშინდელ ელჩს საქართველოში, ჯონ ტეფტს, რომელშიც შუამავალი ფირმა „ბელტრეინინგის“ კეთილსინდისიერება ეჭქვეშ დააყენა.

 

იმედი ჰქონდა, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაინტერესდებოდა, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებას წერილში მოყვანილი ფაქტები აინუნშიც არ ჩაუგდია, ბერძენიშვილი კი, საქართველოში დააპატიმრეს, რაც პირდაპირ მოწმობს, რომ ამერიკული მხარე სააკაშვილთან ერთად იყო ჩართული ამ აფერაში! ციხეში, როგორც სჩვეოდათ, ბერძენიშვილი კარგად შეაჯანჯღარეს და მალევე გამოუშვეს. მას მერე მისი აქტიურობა აღარავის სმენია. 

 

 – როდის დასრულდა ეს კრიმინალური მაქინაციები? 

 

აგვისტოს ომის მერეც გრძელდებოდა. ასე, მაგალითად, 2009 წლის 30 მაისს 70 მილიონად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეისყიდა თანამედროვე საზენიტო – სარაკეტო კომპლექსი “c-200.” მოვუწოდებ ირაკლი სესიაშვილს, დღესვე გამოყოს კომისია და შეამოწმოს, თავდაცვის სამინისტროში თუ არსებობს ეს ტექნიკა?! აი, როგორ აორთქლდა ირაკლი სესიაშვილის ნახსენები მილიარდნახევარი! აგვისტოს ომიც, სააკაშვილმა იმ მიზნით წამოიწყო, რომ მანამდე მოპარული მილიარდის კვალი წაეშალა და მხოლოდ ფურცელზე დაფიქსირებული და რეალურად არარსებული შეიარაღება ომის გზით „ჩამოეწერა!“ ეს ომი წამალივით სჭირდებოდათ სააკაშვილს და მასთან ერთად კორუფციაში გარეულ მის ევროპელ და ამერიკელ მფარველებს! სააკაშვილმა ეს სარფიანი ბიზნესი უკრაინაში გადახვეწის შემდეგაც გააგრძელა, რასაც შედეგად მოყვა ის, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში იგი უკრაინელებმა ამხილეს. სირიის  ერთ-ერთ სოფელში საბრძოლო ოპერაციის დროს გაანადგურეს სააკაშვილთან დაახლოვებული უკრაინელი საველე მეთაურები და იქვე იპოვეს გასროლილი „იგლას“ ნაშთი, რომელიც ნუმერაციის თანახმად, საქართველოდან სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იყო გატანილი.

 

ეს დოკუმენტები სრულიად საკმარისია, რომ სააკაშვილი ჰააგის სასამართლომ კოსტიუმის უკანონოდ შეძენისთვის კი არა, საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით გაასამართლოს! 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია


წყარო: „ასავალ-დასავალი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ