12:05 13.07.2020
საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე შენგელიას რუსულ კლუბში გადასვლა დაგმო - «El Correo»

 

ესპანურ  გაზეთ „ელ კორეო“-ში El Correo»), რომელიც ბილბაოში (ბასკების ქვეყანაში) იბეჭდება, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე შენგელიას რუსულ  კლუბში გადასვლა დაგმო, თვითონ ფორვარდი კი აცხადებს, რომ „ამ გადასვლით ჩემი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შევცვლი“ (ავტორი - რაფაელ მენიუეკო).


„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღშფოთება გამოხატა  კალათბურთელ თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილების მიმართ - ესპანეთის „ბასკონიის“ გუნდის დატოვებისა და რუსულ „ცეესკა“-ში („არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი“) გადასვლის გამო. „ჩემთვის - საქართველოს პრეზიდენტისთვის - მიუღებელი და სამწუხაროა ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელია გადაწყვეტილება“, - დაწერა ქვეყნის მეთაურმა თავის ფეიქბუკ-გვერდზე.


„სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს გახდა. რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის მიუხედავად, რომლის შედეგად მოსკოვმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსულ პროტექტორატებად გადააქცია, სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ: ვლადიმერ პუტინს ურყევი პოზიცია აქვს - იგი არ წყვეტს თავის მხარდაჭერას აფხაზი და ოსი სეპარატისტების მიმართ, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობის ფაქტორს ქმნის. როგორც ჩანს, ამის გამო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა უიმედოა. მათ შორის დიპლომატიური კავშირები ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბრიდანაა გაწყვეტილი“, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში გადმოცემულია თორნიკე შენგელიას მიერ მიღწეული წარმატებები ესპანურ საკალათბურთო კლუბ „ბასკონია“-ში, რომლის შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ევროპის მეორე (მადრიდის „რეალის შემდეგ) ყველაზე ტიტულირებულ კლუბში „ცეესკა“-ში გადასვლის თაობაზე.


„რუსულმა სპორტულმა მედიამ ქართველი კალათბურთელის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, მაგრამ, სამაგიეროდ, თორნიკე შენგელიას ნაბიჯმა ქართულ სოციალურ ქსელებში უარყოფითი კომენტარების ნიაღვარი გამოიწვია: „ცეესკა“ კრემლისა და ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიურ იარაღია საქართველოს წინააღმდეგ“, „შენ უკვე ჩვენი კაპიტანი აღარ ხარ“ და ა.შ. რა თქმა უნდა, არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც თორნიკე შენგელიას მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ „სპორტი პოლიტიკა არ უნდა იყოს“. სხვათა შორის, სპორტსმენს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს კალათბურთელთა ფედერაციამაც“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.


სტატიის დასასრულს მიმოხილულია საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მდგომარეობა: „საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მოქმედება აღეკვეთა (ამ რეგიონს გაერო საქართველოს ნაწილად მიიჩნევს) და ამ მიზნით 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით მათ თავს დაესხა. რუსეთმა [სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის საბაბით], საპასუხო ნაბიჯი გადადგა - თვითონაც ჯარი შეიყვანა და საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. ეს იყო ელვისებური ომი, რომელიც მხოლოდ ხუთი დღე გაგრძელდა. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ ტერიტორიაზე თავისი ჯარის ნაწილები განალაგა, რომლებიც სამხედრო ბაზების სახით დღესაც იქ არიან დისლოცირებულნი“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.elcorreo.com/deportes/baloncesto/tornike-shengelia-cska-moscu-georgia-20200709204644-ntrc.html

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge