დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„შუშის ბავშვები“, არასრულწლოვანი ტყუპი გოგონები ძალადობის მსხვერპლი გახდნენ - მათზე ფიზიკურად ოჯახის წევრმა იძალადა“ 15.07.2020 22:26

პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ ე.წ. შუშის ბავშვები, არასრულწლოვანი ტყუპი გოგონები ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. მათზე ფიზიკურად ოჯახის წევრმა იძალადა. საქმეში სოციალური სამსახური და სამართალდამცველები ჩაერთნენ. სავარაუდო მოძალადეს საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მოზარდები ძალადობის მსხვერპლთა ერთ-ერთ თავშესაფარში გადაიყვანეს. ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გოგონები დაბადებიდან დეიდის ოჯახში იზრდებოდნენ, მათზე ოფიციალური მეურვეობა დეიდაშვილს ჰქონდა მინიჭებული.

 

გოგონების დაბადების შემდეგ დედა ცუდად გახდა, ინსულტმა დაარტყა და ლოგინად ჩავარდა, მისთვის მამის ადგილსამყოფელი უცნობია. ტყუპებს არასრულყოფილი ოსტეოგენეზი აქვთ, ამიტომაც მათ ე.წ. შუშის ბავშვებს ეძახიან. მათ მრავლობითი მოტეხილობები სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ვითარებაში უჩნდებათ. მათთვის თამაში და ფიზიკური დატვირთვა სხვა თანატოლების მსგავსად, არ შეიძლება, რადგან არის მაღალი ალბათობა, რომ მოტეხილობებს ადვილად მიიღებენ. ახლა, სოციალური სამსახური ნათესაურ წრეში სხვა მეურვეს ეძებს, ვისაც მათი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა აქვს. თუ ნათესავებს შორის, ვერავინ აღმოჩნდა ისეთი, ვისაც გოგონებს ანდობენ, მაშინ სახელმწიფო ზრუნვის რომელიმე სერვისში ჩაერთვებიან.

 

„პრაიმტაიმი“ ძალადობაში დადანაშაულებულ ქალს ესაუბრა. როგორც მარიკა ქირია აცხადებს, მას გული სწყდება, რომ ამაგი პატარებმა არ დაუფასეს და ის ძალადობაში დაადანაშაულეს. თუმცა, ჩვენთან საუბრისას, დაადასტურა, რომ ერთ-ერთმა გოგონამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამის შემდეგ, თავადაც ნამდვილად დაარტყა. ამბობს, რომ გოგონებს მზრუნველის რჩევა-დარიგებები და შენიშვნები აღიზიანებდათ.

 

„რაღაც საქციელი არ მომეწონა, შენიშვნა მივეცი. ერთ-ერთმა თმა მომწიწკნა და ამის შემდეგ, დავარტყი. მათ პატრული გამოიძახეს, შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს და ბავშვები წაიყვანეს. არ მინდა მათი მეურვეობა, ცხოვრება მათ აღზრდას შევწირე და ასე გადამიხადეს სამაგიერო…თავად 13 წლის ვიყავი, როცა დეიდას ინსულტმა დაარტყა და ახალშობილობიდან 17 წლამდე მე მოვიყვანე. ძალიან გული მტკივა. ცუდი ურთიერთობა მათთან არ მქონდა, ვზრუნავდი და ვცდილობდი, არაფერი მომეკლო. ორსულად ვარ, მომხდარის გამო, იმდენი ვინერვიულე, კიბეზე დავეცი.“ – ამბობს მარიკა ქირია.

 

პრაიმტაიმმა“ მოზარდების სოციალური მუშაკის ვინაობა გაარკვია და მას ესაუბრა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, გოგონები თავს კარგად გრძნობენ. ახლა, ტყუპების ნათესაური წრიდან ეძებენ ვინმეს, ვინც გოგონებზე მეურვეობას აიღებს. მათ შორის, მუშაობა მამასთანაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე, გამოკვეთილი არ არის, სად და ვისთან გაიზრდებიან გოგონები. „ტყუპები თავს კარგად გრძნობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ახლა, ნათესავებს შორის ვეძებთ პირს, ვისაც შესაბამისი პირობები ექნება და გოგონების მეურვე გახდება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ სახელმწიფო იზრუნებს მათზე და რომელიმე სერვისში ჩაერთვებიან.“ – ამბობს იულიანა პეტროვა.  

 

 

 




პრაიმტაიმი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ