დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დღეს, 16:00 საათიდან, გალაკტიონ ტაბიძის განახლებული ბინა-მუზეუმი იხსნება 22.07.2020 12:14

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან მიიღებს.

 

„თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა. ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება. აქ სამუშაოები უკვე დასრულებულია, ყველაფერი განახლებულია. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. მუზეუმი დამთვალიერებლებს დღეს, 16:00 საათიდან უმასპინძლებს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, მიბრძანდეს და დაათვალიეროს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ კულტურული ღონისძიებები და ღირსშესანიშნავი ადგილების მოწესრიგება-რეაბილიტაციაა.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიფარგლებით, არამედ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მუზეუმების რეაბილიტაციას, კულტურულ ღონისძიებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ღირებული, რაც ქალაქს გააჩნია, იყოს მოწესრიგებული - გავუფრთხილდეთ, აღვადგინოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

ბინა-მუზეუმის მემორიალური სივრცის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესში, მემორიალური სახლ-მუზეუმის თავისებურებისა და სამუზეუმო საჭიროებების გათვალისწინებასრულად მოხდა. მუზეუმის დამთვალიერებელს ასევე, დახვდება ინსტალაციები, რომლებიც პოეტის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

 

მუზეუმი მარჯანიშვილის ქ. N4-ში, გალაკტიონის საცხოვრებელ სახლში მდებარეობს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ