დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

როგორ გადაურჩა ვლადიმერ ვისოცკი მტკვარში დახრჩობას 25.07.2020 13:37

ვლადიმერ ვისოცკის და მარინა ვლადის დაუვიწყარი ქორწილი თბილისში.

"ძველ თბილისში დაქორწინებას ვზეიმობთ, რომელიც მოსკოვში ნახევარ საათში დასრულდა. აქ ჩვენ ნამდვილ ძველებურ ქორწილს გვიწყობენ. ქალები დიდ დარბაზში ფუსფუსებენ. ქართული სამზარეულოს დახვეწილი კერძები მაგიდაზე ვერცხლის ლანგრებით ალაგია. აქვეა თაიგულებათ შეკრული სურნელოვანი მწვანილები, ნივრის მწნილი, ლობიო, საცივი. ეზოში კი მწვადი შიშხინებს - ყველაფერს საოცარი სურნელი აქვს.


ჩვენ მაგიდის ბოლოში ვსხედვართ, ორივენი თეთრებში გამოწყობილები და ხელჩაკიდებულები. კამპანია მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება, ქალები სუფრას დასტრიალებენ, კერძებს ამატებენ.


თამადა პირველ სადღეგრძელოს ამბობს - "დაე, თქვენი განსასვენებლები იმ მუხის ხისგან გამოთალონ, რომელსაც ახლა, თქვენი ქორწილის დღეს ვრგავთ!" ღვინოს ყველას ყანწებში უსხამენ. ყანწში ლიტრის მეოთხედი ღვინო ჩადის. რადგან მისი დადგმა შეუძლებელია, სასმისებს ბოლომდე ცლიან.


მეც ვემორჩილები. პირველს მეორე სადღეგრძელო მოსდევს. ჩვენ მერე დავთვალეთ, რომ თითოეულმა სტუმარმა იმ საღამოს ათ-ათი ლიტრი ღვინო დალია" - ასე იხსენებს მარინა ვლადი თავის ქორწილს თბილისში.


ეს ამბავი კი ასე ყოფილა - 1970 წლის დეკემბერში ვლადიმერ ვისოცკიმ მარინა ვლადიზე იქორწინა, მათ ქორწილში მოსკოვში ყოფილა ზურაბ წერეთელი. თბილისში მათი სტუმრობის ამბავს კი ზურაბ წერეთელი ასე იხსენებს:


"თავიდან ვალოდიამ მოსკოვში მოინდომა დროსტარება, მაგრამ ფული არავის ჰქონდა. ღარიბები ვიყავით. მარინას ერთი ოთახი ჰქონდა დაქირავებული კოტელნიჩესკაიას სანაპიროზე მდებარე სახლში.


სწორედ აქ დაგვპატიჟეს საშა მიტი ცოლთან ერთად, ზოია ბოგოსლავსკაია, ანდრეი ვოზნესენსკი, იური ლუბიმოვი და მე. რამდენიმე ბოთლი შამპანური ვიყიდეთ, მაგრამ განწყობაზე არც ერთი არ ვიყავით. ვალოდია დივანზე იწვა და გიტარას აჟღარუნებდა.

 

მე კიდევ ასეთი ხასიათი მაქვს - მეგონა, ჩემი ბრალია, ზეიმი რომ არ გამოვიდა - მეთქი. ჰოდა, ვთქვი, "წავიდეთ თბილისში. დროს იქ გავატარებთ!"

ვლადიმერ ვისოცკი და მარინა ვლადი ზურაბ წერეთელს ლადო გუდიაშვილთან სტუმრადაც მიუყვანია.


"მის სახლში მოდილიანის სურათი რომ ნახა, მარინამ თქვა, რომ ის მამამისის მეგობარი იყო. ლადომ ჰკითხა, მამას რა ჰქვიაო?


- ვლადიმე პოლიაკოვი - ბაიდაროვი - უპასუხა მარინამ.


ჩვენ მაგიდას მივუსხედით, ლადო კი მეორე ოთახში გავიდა და სურათი შემოიტანა. ფოტოზე მარინა ვლადის მამა იყო გადაღებული პარიზში, რესტორან "კოპელაში" პიკასოსთან, ლეჟესთან და მოდილიანთან ერთად. ლადო დიდხანს უამბობდა მარინას მამის შესახებ. მან პირველად მოისმინა ისეთი ეპიზოდები, რომლებზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. ცრემლები წამოუვიდა და გული აუჩუყდა."


როგორც ჟურნალისტი ბესიკ ფიფია იგონებს, ვისოცკის საქართველო ერთი ნახვით შეუყვარდა, ეს იყო 1966 წელს, როცა საქართველოში პირველად ჩამოვიდა გასტროლებზე პირველ მეუღლე ლუდმილა აბრამოვასთან ერთად.


"თბილისი, ეს აღმოჩენა იყო, ჩვენ მივხვდით, რომ ეს უმაღლესი კულტურის ქალაქი იყო. არ მოვერიდები, ვთქვა, რომ ვალოდია იქ ბედნიერი იყო..." - წერდა წლების შემდეგ ლუდმილა აბრამოვა.


ერთი ამბავიც მომხდარა ამ გასტროლების დროს. "ტაგანკის" თეატრის მთავარ რეჟისორ იური ლუბიმოვს თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა. ერთ დღეს იგი რამდენიმე მსახიობთან ერთად მეგობარს აგარაკზე ეწვია, მათ შორის იყვნენ ვლადიმერ ვისოცკი და გიორგი ეპიფანოვი. მტკვრის პირას გაიშალა დიდი სუფრა.


ვალოდია იმ დროს სასმელს ერიდებოდა და მტკვრის ნაპირას გასეირნება გადაუწყვეტია. მალევე თურმე მტკვარში ჩახტა და, მიუხედავად იმისა, რომ ჩინებულად ცურავდა, ვერ გათვალა საკუთარი ძალები.


მტკვარი ძალიან სწრაფად მიედინებოდა, წყალი კი ყინულივით ცივი იყო. დაეწყო ფეხებში კრუნჩხვები, რაც შეუნიშნავს მის მეგობარ ეპიფანოვს, სასწრაფოდ წყალში გადამხტარა და არაქათგაცლილი ვისოცკი ნაპირზე გამოუთრევია.


1966 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ვისოცკი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. სვანეთში ფილმ "ვერტიკალის" რამდენიმე ეპიზოდს იღებდნენ. სწორედ სვანეთში გაიცნო ვისოცკიმ ცნობილი ქართველი ალპინისტები - "კლდის ვეფხვად" წოდებული სოსო კახიანი და მიხეილ ხერგიანი. ეს მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ვისოცკიმ ხერგიანს ლექსიც კი მიუძღვნა.


ფილმ "ვერტიკალის" გადაღებაზე გაიცნო ვისოცკიმ ბუხუტი ზაქარიაძეც. როგორც ბუხუტი ზაქარიაძის ქალიშვილი იხსენებს, ჩრდილო კავკასიაში, ტრესკოლში, ფილმ "ვერტიკალის" გადაღება მიმდინარეობდა, ვლადიმერ ვისოცკი და ბუხუტი ზაქარიაძე ფილმში ერთად თამაშობდნენ და ძალიან დამეგობრდნენ.

გადაღებაზე ვერტმფრენით უნდა გადაფრენილიყვნენ. ვისოცკის უთხოვია რეჟისორისა და ოპერატორისთვის - თქვენ ახლა გაფრინდით, მე და ალექსანდროვიჩი ვისაუბრებთ და მეორე რეისით გამოგყვებითო; ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და მთელი ჯგუფი დაიღუპა.
ბუხუტი ზაქარიაძისა და ვლადიმერ ვისოცკის მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. ქართველი მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს ვისოცკისთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. როცა საავადმყოფოში იწვა, ბუხუტის მეუღლემ მოინახულა მოსკოვში და თავისი გაკეთებული აჯიკაც მიართვა. იმ პალატაში იწვა თურმე ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ დალიც".


1980 წლის 25 ივლისს გამთენიისას გარდაიცვალა ვლადიმერ ვისოცკი. ამ დროს მოსკოვში ზაფხულის ოლიმპიადა ტარდება, მთელი ქალაქი გადაკეტილია, მილიცია ყველაფერს აკონტროლებს, ვისოცკის გარდაცვალების შესახებ ცნობა საბჭოთა საინფორმაციო საშუალებებში არ გასულა, თუმცა ცნობილი მომღერლის გარდაცვალების ამბავი წამში მოედო მთელ მოსკოვს.


უამრავი ხალხი შეიკრიბა ტაგანკაზე. ქუჩაში ადგილი რომ აღარ იყო, ხალხი თეატრის შენობის და ახლომდებარე სახლების სახურავეზე აძვრა. აღარავის ახსოვდა არც ოლიმპიადა და არც უზომოდ გამკაცრებული ზომები ქალაქში.


ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში თბილისში აპატიმრებენ ცნობილ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს, რომელმაც მომღერლის სიკვდილში საბჭოთა ხელისუფლება დაადანაშაულა.


აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე.
"სერგო ფარაჯანოვი ყველა და ყველანაირ საზღვრებს არღვევდა. იგი ყველა და ყველანაირ შეზღუდვას უპირისპირდებოდა. ყველა და ყველანაირ შტამპს უარყოფდა და ამიტომაც გახდა მიუღებელი იმ სისტემისთვის, რომლისთვისაც ყველაფერი რეგლამენტებული იყო.
1980 წელს მოსკოვში პოპულარული რუსი ბარდისა და მსახიობის - ვლადიმერ ვისოცკის დაკრძალვის შემდეგ სერგო ფარაჯანოვმა პოეტის სიკვდილში ხელისუფლება დაადანაშაულა. პასუხმაც არ დააყოვნა და ფარაჯანოვი დააპატიმრეს.


ცოტა ხნის შემდეგ ქართული კულტურის მოღვაწეებმა - ეთერ გუგუშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ნოდარ დუმბაძემ, თენგიზ აბულაძემ და სხვებმა შუამდგომლობით მომმართეს, ის გენიალური შემოქმედია და საცოდაობა იქნება მისი დაკარგვაო.


ერთადერთი გზა სერგო ფარაჯანოვის ციხიდან გამოხსნის საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეწყალება იყო. ჩემი მოთხოვნით ფარაჯანოვის საკითხი შეწყალების კომისიაზე განიხილეს და რეჟისორი, გამონაკლისისი სახით, ადრე გაათავისუფლეს".

 

/თემურ ლომსაძის ფეისბუქპოსტი/

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ