00:15 28.07.2020
„საქართველომ კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს - მთავრობა არის კომპეტენტური, პოლიტიკა გამჭვირვალე - ამით აღფრთოვანებული ვარ“

საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

 

„კოვიდ-19“ დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველომ ძალიან კარგად იმოქმედა დაავადებასთან ბრძოლის დროს. მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე. ამით აღფრთოვანებული ვარ. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს უფრო მტკიცე და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს. დემოკრატიული ინსტიტუტები ნიშნავს პოლიტიკურ კონკურენციას და შესაბამისად, კარგ მთავრობას. ეს ნიშნავს გამჭვირვალე კომუნიკაციას, რომელსაც მთავრობა და ხალხი მისდევს. ვფიქრობ, ვინაიდან საქართველო განვითარდა დემოკრატიულ გზაზე, ამიტომ ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩემი მოსაზრებით, საქართველო ძალიან წარმატებული იყო“, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

 

მისივე თქმით, საფრანგეთში ბოლო თვეებში სიტუაცია რთული იყო, მაგრამ ბოლო პერიდოში მნიშვნელოვად გაუმჯობესდა. „ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც პიკი გადავლილია და ვირუსი დაბალი ტემპით ცირკულირებს. საქართველოშიც და საფრანგეთშიც ხალხი უნდა იყოს ფრთხილად. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გააკეთონ პირბადე. ნიღბით საუბარი, ცხადია, უფრო რთულია, მაგრამ პირბადე გვიცავს ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

 

დიეგო კოლასის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის საზღვარი გახსნილია. „საქართველო არის იმ რამდენიმე ქვეყნას შორის, რომლებსაც საფრანგეთმა გაუხსნა საზღვარი. ასევე მოიქცა ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფოც. საფრანგეთი მოხვდა იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელთაც საქართველომ გაუხსნა საზღვარი. ახლა ჩვენ ველოდებით „ეარ ფრანსის“ ფრენების დაწყებას და როგორც ვიცით, რეისები კვირაში ორჯერ შედგება. ეს პატარა წვლილს შეიტანს ტურისტულ სეზონში. ცხადია, წელს ის კარგი არ იქნება. ასევე განახლდება კავშირები ადამიანებს შორის. მე მოხარული ვარ, ვიხილო, რომ ერთ-ერთი პირველი ე.წ. ხიდი, რომელიც „კოვიდ-19“-ის შემდეგ ადამიანებს შორის აღდგა, იყო საქართველოსა და დასავლეთ ევროპას, კერძოდ, კი საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირი“, – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge