დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საშემოდგომო ძახილი: საქართველო რუსებისათვის სექტემბერზე ადრე არ გაიხსნება 30.07.2020 12:05

რუსეთის გაზეთ „იზვესტიის“ («Известия») 30 ივლისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „საშემოდგომო  ძახილი: საქართველო რუსებისათვის სექტემბერზე ადრე არ გაიხსნება“ (ავტორი - ელნარ ბაინაზაროვი), რომელშიც გადმოცემულია საუბარი როგორც ზურაბ აბაშიძესთან - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, ასევე ტურიზმის სფეროს რუს ექსპერტებთან.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა ავიამიმოსვლის აღდგენა ევროკავშირის ხუთ სახელმწიფოსთან. ასევე ევროკავშირმა, ტავის მხრივ, საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა არ ეზღუდებათ. ამ ფონზე ერთგვარ დისონანსად მოჩანს ის ფაქტი, რომ მეზობლებს - რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან ამგვარი კონტაქტები ჯერაც არ აღუდგენიათ. არადა, გასულ წელს, ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე საქართველოში ასი ათასობით რუსი ტურისტი ჩადიოდა (საერთო რაოდენობის 19,5%). ამის მიუხედავად, თბილისის არ ჩქარობს რუსეთის მოქალაქეებთან შესხვედრას - იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც საქართველო აგვისტოში კარს უღებს, რუსეთი არ არის.


ზურაბ აბაშიძის თქმით, მართალია, მან ამას წინათ „იზვესტია“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი აგვისტოში გაიხსნებოდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, ამის წინაპირობები ჯერ არ არის. „ჯერ-ჯერობით ჩვენ რუსეთში არსებულ სიტუაციას ვაკვირდებით, როგორც კი კორონავირუსის პანდემია შესუსტდება, ჩვენ საზღვრების გახსნისა და მგზავრთა ნაკადის აღდგენის საკიტხების განხილვას დავიწყებთ. თუმცა სატვირთო ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. იგივე სიტუაციაა აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიმართებით“, - ამბობს ქართველი დიპლომატი.


რუსი ექსპერტები „სუსტ ოპტიმიზმს“ გამოხატავენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქართველო-რუსეთის საზღვარი რუსი ტურისტებისთვის სექტემბერში გაიხსნას, თუმცა ამ საკითხში ზუსტი ვადები არ არსებობს. როგორც რუსეთის ტურისტთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში, საქართველო შემოდგომაზეც იზიდავს ტურისტებს და ზამთარშიც, სამთო-სათხილამურო სეზონის დროს. თუმცა თვლის, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის გარეშე სახმელეთო გზით საქართველოში რუსეთიდან იმდენი ტურისტი მაინც არ ეწვევა, როგორც ფრენების შეწყვეტამდე იყო.


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიტუაციის მიხედვით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს. პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად მიიღო შესაბამისი ზომები, დაწესდა კომენდატის საათი... მთავრობის მკაცრმა გადაწყვეტილებებმა კორონავირუსით დაავადებულთა ზრდა შეაკავა (1,1 ათასი) და კონტროლქვეშ მოაქცია. 28 ივლისის მდგომარეობით, 3,7 მილიონიან საქართველოში მხოლოდ 16 ადამიანი გარდაიცვალა, რაც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებია.  შედარებისთვის: სომხეთში, სადაც 2,9 მილიონი მცხოვრებია, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 37 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 723 ადამიანი.


სხვათა შორის, აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ჯერ კიდევ მაისში წერდა, რომ საქართველო „უსაფრთხო ნავსადგურია პანდემიის ოკეანეში“ და მის ხელისუფლებას შესთავაზა ქვეყნის რეკლამირება ახალი ბრენდით მოეხდინა - „ადგილი, სადაც ადამიანმა მშვიდად და ვირუსისგან უსაფრთხოდ შეიძლება დაისვენოს“, - აღნიშნავს რუსული გამოცემა.


წყარო: https://iz.ru/1041647/elnar-bainazarov/osennii-zazyv-gruziia-dlia-rossiian-otkroetsia-ne-ranshe-sentiabria

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ