13:19 30.07.2020
რამდენიმე ქვეყანა კოვიდ–19–ის ვაქცინის შექმნის ზღურბლზეა - ვინ იქნება პირველი?

“კორონავირუსი მსოფლიოს ისევ უტევს, პანდემიის გამო მიღებული რეგულაციების შემსუბუქებამ ისევ გარკვეული ლოკალური აფეთქებები გამოიწვია და როგორც აღმოჩნდა ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი გზა ვაქცინა დარჩა. სწორედ ამიტომაც ლიდერი სახელმწიფოები ცდილობენ, რომ საბოლოო რეზულტატი შეძლებისდაგვარად მალე დაიდოს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური იქნება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, დიდი რბოლა – რამდენიმე ქვეყანა კოვიდ–19–ის ვაქცინის შექმნის ზღურბლზეა. ვინ იქნება პირველი?


"პირველი ორი ფაზის წარმატებით გავლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა უკვე დაიწყო, ვაქცინა mRNA-1273, კომპანია"მოდერნამ" და ამერიკის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ერთობლივად შეიმუშავეს. აშშ-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა მასშტაბურია, ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში ამჯერად 30 000-მდე მოხალისე ჩაერთვება. ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მესამე ფაზის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კოვიდ-19 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა ამ წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისისთვის მზად იყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) აცხადებს, რომ დღეისთვის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზას კიდევ 4 კანდიდატი ვაქცინა გადის. ამათგან ორგანიზაციის თქმით, სამი ჩინურ კომპანიებს ეკუთვნის, მეოთხე კი ბრიტანეთს. კორონავირუსის ვაქცინის წამროება, რომელიც ბრიტანელმა და იტალიელმა მეცნიერებმა ერთობლივად შეიმუშავეს, იტალიაში სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო მომავალი წლის იანვარში კი ვაქცინა გაყიდვაში ჩაეშვება - ამის შესახებ იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Irbm-ის ხელმძღვანელმა პიერო დი ლორენცომ გაზეთ "ლიბეროსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები, იტალიური ბიოტექნოლოგიური კომპანია (Irbm) და ფარმაცეფტული ჯგუფი "ასტრა ზენეკა" მუშაობენ, მისივე განცხადებით, პრეპარატი 1000 პაციენტზე წარმატებით იქნა გამოცდილი, ხოლო ამჯერად ვაქინის გამოცდას 10 ათასი ადამიანის მონაწილეობით ატარებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"დი ლორენცოს თქმით, თუ ვაქცინის გამოცდის მომდევნო ეტაპიც წარმატებით დასრულდება, შესაძლოა მისი მასშტაბური წარმოება სექტემბრის ბოლოს დაიწყოს, გაყიდვაში კი 2021 წლის იანვარში შემოვიდეს. სიენენის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს, რომ მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თვალსაზრისით პირველი ქვეყანა გახდეს და ვაქცინის დამტკიცებას 10 აგვისტოსთვის, ან უფრო ნაკლებ დროში გეგმავს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ვაქცინასთან დაკავშირებულ არც კვლევის მონაცემებს და არც უსაფრთხოობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აქვეყნებს. სპეციალისტები შიშობენ, რომ ვაქცინის გამოცდა არასრულყოფილადაა ჩატარებული და შესაძლოა ასეთი დაჩქარება კრემლიდან ზეწოლას უკავშირდებოდეს. შეგახსენებთ, რომ დღეისთვის 200-მდე კანდიდატი ვაქცინაა რეგისტრირებული, რომელთაგან 25 ამ დროისთვის კლინიკურ გამოცდას გადის”,- წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge