16:28 30.07.2020
"ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს"

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, როდესაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

 

მისივე თქმით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან განსხვავებული.

 

„მაგალითად მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატება ხაზგასმით აღნიშნა. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანთან მქონდა საუბარი, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული და რომლის ძირითადი აქცენტები იყო რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში: უსაფრთხოების სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების სფეროში და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, ჩვენ ყველა, ღირსეულ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. ეს არის ობიექტური რეალობა“, - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ არა „ოცნება“ ან მთავრობა, არამედ ქვეყანა დააზიანონ.

 

„ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როცა ადამიანები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, ამის კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში ქვეყანას კი არ უნდა ვუდგებოდეთ.


ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეტიული პარტნიორების გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

 

.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge