20:08 30.07.2020
„ევროპული საქართველო“ ყველგან, თბილისს გარეთ დააყენებს კანდიდატებს - ჩვენ თბილისში შეთანხმებას პატივს ვცემთ და ბოლომდე დავიცავთ“

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან, „ევროპული საქართველო“ ყველგან, თბილისს გარეთ, საკუთარ კანდიდატებს დააყენებს. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, ეს 30 მაჟორიტარი შეიძლება, იყოს გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი და ის პატარა კენჭი, რომელიც სასწორის რომელ მხარესაც დაემატება ის მხარე მოიგებს.

 

„ბოლო რვა თვეა ოპოზიცია არის ერთიანი. მაჟორიტარები არის ხელისუფლების რესურსი, რომ, რაც შეიძლება მეტი ხმა წამოიღოს მაჟორიტარებისგან. ხელისუფლებამ იცის, ჯამურად, პროპორციულ ნაწილს ის ოპოზიციასთან წააგებს. რა თქმა უნდა, აბსოლუტური პრიორიტეტი, ის რომ პროპორციული უნდა მოვიგოთ, ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მაგრამ მაჟორიტარები თუ არ მოვიგეთ, თუ ხელისუფლებას მაჟორიტარები დავუტოვეთ „მაშველ რგოლად“, ამ „მაშველმა რგოლმა“ შეიძლება , წყალში ჩაგვიყაროს პროპორციულის ნაწილში წვალება. ყველგან უნდა მოვიგოთ, სადაც შესაძლებელია. მე პირადად ამ საკითხზე სააკაშვილთან არ მქონია კომუნიკაცია, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამ თემაზე იყო საუბარი. ის ამ თემის საქმის კურსშია და ჩართული იყო განხილვაში, თუმცა მე ეს კომუნიკაცია არ მქონია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

ამასთან, როგორც ბაქრაძე აცხადებს, ჯერ ოპოზიციასთან საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მოლაპარაკება დახურული არ არის. „ჯერ მე ამ პროცესს არ დავხურავდი, იმიტომ რომ საუბარი ოპოზიციურ პარტიებთან მიდის. ჯერ არ ვიტყოდი, რომ ოპოზიციური შეთანხმება ვერ შედგება, თუმცა ეს შეთანხმება რომც არ შედგეს, ჩვენ გვაქვს საფუძველი თბილისში ერთიანობის. „ევროპული საქართველო“ ყველგან თბილისს გარეთ დააყენებს კანდიდატებს. ჩვენ თბილისში შეთანხმებას პატივს ვცემთ და ბოლომდე დავიცავთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge