20:35 30.07.2020
„ერგნეთის შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე“

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც დაგროვდა ბოლო 11 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების საკითხზე.

 

„პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებულები ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლება. აღნიშნული ითქვა ამ შეხვედრაზეც, ასევე ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობა. ასევე ვიმსჯელეთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, სხვა ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში. ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვაზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რომელიც გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ანთაძემ.

 

რაც შეეხება ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ანთაძემ აღნიშნა, რომ გახელაძე თავს კარგად გრძნობს და უტარდება გეგმური სამედიცინო მომსახურება. მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს. „ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები იყო განხილვის საგანი და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი ინტერვენცია მათ მიერ კონტროლირებადი მედია აუთლეტების მეშვეობით გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, აქ ფიგურირებდა ღამურების თემაც. მღებრიშვილზე დაისვა კონკრეტული კითხვა რა ფორმულირებით აქვს წარდგენილი ე.წ. ბრალი. მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება საზღვრის კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას“, – განაცხადა ანთაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge