13:59 03.08.2020
"ვანო მერაბიშვილმა როგორც ჩანს, უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში"

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რაც ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობასა და მანდატებისა და სკამების გადანაწილებასთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია.

 

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება ხედავს, თუ როგორ ფიქრობს და როგორ მოქმედებს ოპოზიცია.

 

„განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციას გამოვყოფდი, რომელიც არის დესტრუქციული და მას პოზიტიური დღის წესრიგი არ გააჩნია. ეს ვანო მერაბიშვილმა ახლა აღმოაჩინა, როგორც ჩანს, მან უკვე ჩაიხედა ძველი ოპოზიციის სამზარეულოში და ის უპრინციპობა ნახა, რაც იქ ხდება. დაწყებული იმით, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძოდა, ძველი ოპოზიცია ებრძოდა ჯანდაცვის სისტემას. გაგრძელებული იმით, როცა ქვეყანა დემოკრატიულ ნაბიჯებს დგამდა, კონსტიტუციასა და „საარჩევნო კოდექსს" ცვლიდა, ძველი ოპოზიცია ამ პროგრესულ ცვლილებებს ებრძოდა. დღეს, როცა ოპოზიციაში გარკვეული განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძველი ოპოზიცია ისევ დესტრუქციული ქმედებებით დღესაც გამორჩეულია. თქვენ ხედავთ, ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც გულზე მჯიღს იცემდა, რომ ნებისმიერ ოლქში „ქართულ ოცნებას" დაამარცხებდა, ხედავთ, რომ რიგ-რიგობით უარს ამბობენ მაჟორიტარული დეპუტატების კანდიდატებსა და არჩევნებში ოლქებში მონაწილეობაზე. შესაძლოა, ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილმა ახლა ნახა, თუმცა ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა თალაკვაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge