დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

“ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია” - ოპოზიციური ერთობა კრახის ზღვარზეა 03.08.2020 14:08

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად სამი თვეა დარჩენილი. არჩევნები შერეული პრინციპით 120/30-ზე ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული და 30 კი მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული. ამ დროისათვის ცნობილია მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ივე ოლქში. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. როგორც ჩანს, ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს ოლქების დათმობა, “ევროპულ საქართველოს” კი მათი დარწმუნება გაუჭირდა. ოპოზიციური ერთობა მხოლოდ თბილისის 5 ოლქში შენარჩუნდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია” - ოპოზიციური ერთობა კრახის ზღვარზეა.

 

“8 მარტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” გადაწყვეტილება მიიღო მაჟორიტარი დეპიტატები საერთო შეთანხმებით წარედგინა. თბილისის 7 ოლქიდან 5-ში დაასახელეს კიდეც. ელენე ხოშტარია - ვაკის ოლქის, ნიკა მელია - გლდანის, ირაკლი ხაბეიშვილი - ისანი-სამგორის, შალვა შავგულიძე - მთაწმინდისა და შალვა ნათელაშვილი - ნაძალადევის კანდიდატები არიან. რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთსა და საბურთალოს, აქ “გაერთიანებული ოპოზიციის” დეპუტატობის კანდიდატების ადგილი კვლავაც ვაკანტურია. ამ ყველაფრის ფონზე, მუდმივადაა საუბარი “გაერთიანებული ოპოზიციის” შესაძლო დაშლაზე. პირველი დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობასა” და სხვა ოპოზიციონერ პარტიებს შორის პრემიერ-მინისტრობის კანდიდტურას მოჰყვა. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” ღიად ალაპარაკდა “წყენაზე”, მაგალითად მაშინ, როდესაც თქვეს, რომ თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა საბურთალოს ოლქში მათთან შეთანხმების გარეშე წარადგინეს. “ძალა ერთობაშია” “ნაციონალურ მოძრაობას” ახალი ფართო კოალიციის შექმნაზეც არ დათანხმდა. 27 ივლისს თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” დაარსეს, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნება. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” რეგიონებში საერთო კანდიდატების დასახელებას სთავაზობდა...” - აღნიშნავს გამოცემა.

 

“უგულავას თქმით, მათ “ნაცმოძრაობას” შესთავაზეს გადაენაწილებინათ დიდი ქალაქები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები გავიდოდნენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს ქმნიდა. მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა ყველა ოლქში საკუთარი კანიდატურა ჰყავდეს. უგულავას ამ განცხადებას გამოეხმაურა სალომე სამადაშვილი და განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ოლქებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა და “არჩევნების ბედი მაჟორიტარებზე არ გადის”. როგორც ჩანს “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ოლქების დათმობას. ამის შემდეგ, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” საჯაროდ სთავაზობდა ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვარიანტები განიხილვას და შეჯერებას. გიგა ბოკერიას თქმით, “ევროპული საქართველო” “ნაციონალურ მოძრაობას” დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობდა, მხარდაჭერას კი მხოლოდ 4 ოლქში სთხოვდა. როგორც ჩანს ეს შეთანხმებაც ვერ შედგა, რადგან 31 ივლისს სერგი კაპანაძემ გადაჭრით თქვა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” “ევროპულ საქართველოს” ყველანაირი არგუმენტის გარეშე საერთო კანდიდატებზე უარი უთხრა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“მიგვაჩნია, რომ იყო სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება, რომ გაზრდილიყო შანსი და ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. სამწუხაროა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამაზე უარი თქვა. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე აღარ ვაპირებთ ორშაბათიდან საუბარს”, - ამბობს კაპანაძე. მისივე თქმით, თუ ორშაბათამდე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ ეს უკვე “ჩავლილი ამბავი იქნება” და საკუთარ სიას დაასახელებენ. ექსპერტები “რეზონანსთან” საუბრისას ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიები შეუთანხმებლობით დიდ შეცდომას უშვებენ. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” შეთანხმებას ვერ მიაღწევენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“ოპოზიცია ყოველდღე შეცდომას უშვებს, ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია, ვიდრე შეცდომების დაშვება, მათ თუ უნდათ, რომ მართლა რაღაც შედეგს მიაღწიონ (არა უმრავლესობით მოვიდნენ, მაგრამ სერიოზულ შედეგს მიაღწიონ), საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, მაგრამ ამისთვის მზად არ არიან, არც იმისთვის, რომ რეგიონებში რამეზე შეთანხმდნენ, არც იმისთვის, რომ თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც გაახმაურონ და, აბა, ისე რა შანსები უნდა ჰქონდეთ საინტერესოა”, - ამბობს ძაბირაძე. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე ოლქი უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტურში დამარცხება გარდაუვალი იქნება. “ნაციონალურ მოძრაობას” კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ მეორე ტურში მხოლოდ მისი წარმომადგენლები გავლენ, რისი მაღალი შანსიცაა, ისინი დამარცხდებიან და გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”, როგორც უკვე არაერთხელ მმომხდარა. იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს “ნაციონალური მოძრაობა” არ მოსწონს, სძულს კიდევაც”, - თქვა ზაქარეიშვილმა, რომლის აზრით, “თუ იქნება სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არანაირი ცუდი არ ჩაუდენია წარსულში და საზოგადოების წინაშე “სუფთაა”, მოსახლეობას გაუჭირდება მის წინააღმდეგ ხმის მიცემა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ