დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ბატკა“ პოლიტტექნოლოგის წინააღმდეგ: რას აკეთებდა ვიტალი შკლიაროვი თბილისში 04.08.2020 12:21

როგორც რუსული და უკრაინული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, მინსკის პარტიზანსკის რაიონის სასამართლო ლიბერალური პოლიტტექნოლოგის ვიტალი შკლიაროვის დაპატიმრების საქმეს განიხილავს, რომელიც ბელარუსელმა მილიციელებმა „უწესრიგობების მომზადებაში მონაწილეობის“ ბრალდებით დააკავეს. 

 

როგორც ცნობილია, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. იქ ამჟამად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უჩვეულო სიმწვავით გამოირჩევა - მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც ბელარუსს  უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მეთაურობს და კიდევ სურს მმართველობის გაგრძელება, რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატი უპირისპირდება, რომელთაგან ყველაზე პოტენციურს სვეტლანა ტიხანოვსკაია წარმოადგენს.

 

ვიტალი შკლიაროვი სამართლადამცველების მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს  და აცხადებს, რომ იგი აშშ-დან მინსკში იმიტომ კი არ ჩავიდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს და „ბატკას“ მოწინააღმდეგე კანდიდატებს დაეხმაროს, არამედ ავადმყოფი დედის სანახავად. რასაკვირველია, ბელარუსის მილიცია და პროკურატურა ვიტალი შკლიაროვის ნათქვამის არ სჯერა, რადგან პოლიტტექნოლოგის ბიოგრაფიაში საკმაოდ ბევრი ფაქტი ჩანს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 

მართლაცდა, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ვიტალი შკლიაროვი საკმაოდ კარგადაა ცნობილი იმით, რომ იგი ორგანიზებას უწევდა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დიმიტრი გუდკოვისა და ქსენია სობჩაკის საარჩევნო კამპანიებს, მუშაობდა აშშ-ში ბარაკ ობამასა და ბარნი სანდერსის წინასაარჩევნო კამპანიებში, კონსულტაციას უწევდა ანგელა მერკელსაც... 

 

რაღა შორს წავიდეთ და ვიტალი შკლიაროვი საქართველოშიც საკმაო ხანს იმყოფებოდა -  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთავარი ოპოზიციური კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში იჯდა და სალომე ზურაბიშვილის დამარცხების მიზნით მას რჩევა-დარიგებებს აძლევდა. რამდენად „ბრძნული“ და „ჭკვიანური“ აღმოჩნდა ვიტალი შკლიაროვის რჩევები, ამას სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მოწმობს, თუმცა, ზოგიერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტ-მიმოხილველის აზრით, „გრიგოლ ვაშაძე, მართალია, დამარცხდა, მაგრამ დამარცხდა ღირსეული ანგარიშით - მან არსებულ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში ხმების მაქსიმუმი მოაგროვაო“. როგორც ჩანს, ამაში დიდი დამსახურება ვიტალი შკლიაროვსაც მიუძღვის.

 

დავუბრუნდეთ ისევ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვიტალი შკლიაროვის მინსკურ თავგადასავალს. სვეტლანა ტიხანოვსკია უარყოფს, რომ ვიტალი შკლიაროვი მის მხარდამჭერთა საარჩევნო ჯგუფშია და კანდიდატს კონსულტაციებს უწევს. იგი აცხადებს, რომ პოლიტტექნოლოგს არ იცნობს და მასთან კონტაქტები არ ჰქონია. ამასვე ამბობს თვითონ ვიტალი შკლიაროვიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ბელარუსელ სამართალდამცველებს „გონივრული ეჭვი“ აქვთ  და დარწმუნებულნი არიან იმაში, რისთვის ჩავიდა „ოპოზიციონერთა მრჩეველი“ მინსკში.

 

როგორც ვიტალი შკლიაროვის ადვოკატი ანტონ გაშინსკი აცხადებს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს თავისუფლად მოაზროვნე ვიტალი შკლიაროვის გასრესვა სურს: „იგი წინაწარი დაკავების იზოლატორშია და საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია, გადაჰყავთ ერთი საკნიდან მეორეში, ამყოფებენ რეციდივისტებს შორის, რაც ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

 

დამკვირვებელთა აზრით, მინსკის სასამართლო ვიტალი შკლიაროვს კანონის სრული სიმკაცრით დასჯის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არჩევნებში დამარცხდება, მას მალე გაათავისუფლებენ.

 

რადგან „ბატკას“ სავარაუდო დამარცხება ვახსენეთ, ალბათ, კითხვაც იბადება - დარჩება კი ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის პრეზიდენტად? დაეხმარება თუ არა მოსკოვი თავის „უძღებ პარტნიორს“? ანუ რეალიზდება თუ არა ცნობილი პოლიტიკურ-ჟარგონული აფორიზმი „ძაღლიშვილი პოლიტიკოსის“ შესახებ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ამერიკული წარმომავლობა აქვს...

 

რუსი ექსპერტ-პოლიტოლოგების აზრით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ბოლო დღეებში, „ვაგნერელი მოხალისეების“ (კერძო რუსული სამხედრო ორგანიზაციის მებრძოლების) დაკავებით, რუსეთთან ურთიერთობაში, ნებით თუ უნებლიედ, ე.წ. „წითელი ხაზი“ გადალახა და მისთვის უკან დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება. რუსეთი არ იქნება არცერთი კანდიდატის მხარდამჭერი და თუ „ბატკა“ გაიმარჯვებს ამდენი რეპრესიების ფონზე, ის დასავლეთისთვის ისევ „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ იქნება. ამრიგად, ბელარუსს რუსეთის იქით გზა მაინც არ აქვს, დასავლეთი მის ანტიდემოკრატიულობას ვერ შეეგუება. აი, ამ დროს კი ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს „თავის ადგილზე“ მოსვამს. და, რასაკვირველია, მასთან ჰოკეის აღარ ითამაშებს, რომელსაც „ბატკა“ რუს კოლეგასთან კარგი ურთიერთობის სიმბოლოდ წარმოსახავდა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://echo.msk.ru/news/2686865-echo.html

https://echo.msk.ru/programs/sut/2684621-echo/

https://www.kommersant.ru/doc/4441204#id1928985

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ