20:16 05.08.2020
„მოპარულ ფულს რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით - ამიტომაც არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა“

ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ, არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს. როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება, ვინაიდან ის დისკრედიტებულია.

 

„ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს - „ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს და არავის მოუნდება ამ ცხელი კარტოფილის ხელში დაჭერაო“ ან კახი კალაძემ რომ თქვა, „მეტი ვანო ოპოზიციასო“. ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესუსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს“, - განაცხადა სუბარმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge