დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"საქართველოსა და საერთოდ, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ" 07.08.2020 13:19

ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა 5 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, მინსკში შეხვედრისას, ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც იგი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს: რუსი კოლეგის - ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულებაზე, უკრაინასთან ურთიერთობაზე, ყირიმის პრობლმაზე, საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე და ა.შ. დიმიტრი გორდონმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი თავის გამოცემა «Gordon»-ის ვებ-გვერდზე და „იუთუბ-არხზე“ გამოაქვეყნა.


ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინელ ჟურნალისტთან საუბრის დროს უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა მას ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს სთავაზობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ.

 

„საკითხის ფასი ფულზე ბევრად მაღალი იყო... “, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და დაამატა, რომ მას არასოდეს ჰქონია პრობლემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის საკითხში, თუმცა იქვე შენიშნა: „მე პირადად საქართველოს და საერთოდ, ყოველი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ. როცა მთელი ეს „ზავარუხა“ დაიწყო, დსთ-ში ყველას აკანკალებდა.


დასავლეთი გვთხოვდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეღიარებინა სამხრეთ ოსეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული სანქციებით გვემუქრებოდა. მოსკოვისათვისაც ჩვენგან აღიარების საკითხი პრინციპული არ იყო და ამას დაჟინებით არც გვთხოვდა. საქმეში ნატოელები ჩაერთვნენ, ისინიც გვეუბნებოდნენ, რომ რაიმე ნაბიჯი არ გადაგვედგა სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით. 2009 წლის თებერვალში მინსკში ნატოს ყოფილი გენმდივანი, ევროკვშირის წარმომადგენელი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში ჰავიერ სოლანა ჩამოვიდა. მე მოხუცი ძალიან მომეწონა... როცა დავსხედით კაბინეტში, მან პირდაპირ მითხრა: „თქვენთან თხოვნა მაქვს“. მე ვეუბნები: „განა რა ისეთი თხოვნა უნდა ჰქონდეს ნატოს ლუკაშენკოსთან?“. მან ჩაიცინა: „თქვენ ხომ მართლაც იმას ხომ არ ფიქრობთ, ჩვენ უკვე სრულებით მტრები ვართ?“ . ვპასუხობ: „არ ვფიქრობ, მაგრამ ნატო და ლუკაშენკო ერთად? ეს ერთ ნავში ყოფნას არ ჰგავს-მეთქი. თუმცა არა უშავს. მაინც რა გინდათ, მითხარით“. ჰავიერ სოლანა მიყურებს და ამბობს: „ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ“. ისე გამოდის, რომ იგი თვლიდა - აი, ბელარუსიც აღიარებს და შემდეგ აღიარების მთელი „პარადი“ დაიწყებაო, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების მხრიდან. იმ დროისათვის ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირს უკვე გამოცხადებული ჰქონდა სანქციები და ამიტომ ჰავიერ სოლანას ვეკითხები, რა ემუქრება ბელარუსს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისთვის-მეთქი. აშკარად ჩანდა, რომ იგი ჩემი კითხვისთვის მზად იყო: ამოიღო ბლოკნოტი და დაიწყო ჩამოთვლა: ბატონო პრეზიდენტო, ბელარუსი დაუყონებლივ იქნება გათიშული SWIFT-ის [საბანკო კავშირების] ქსელიდან... ეს ყველაზე სერიოზულია, რასაც შემდეგ კიდევ სხვა სანქციებიც მოჰყვება... მაგრამ მას არ აღუთქვამს ჩემთვის, რომ თუ ვაღიარებდით, მაშინ ევროკავშირის ბელარუსს სანქციებს მოუსნიდა. მან, უბრალოდ, დამატებითი სანქციები ჩამომითვალა.


სულ მალე დიმიტრი მედვედევს შევხვდი სოჭში და ვკითხე - მზად არის რუსეთი იმ ზარალის ანაზღაურებისთვის, რაც ბელარუსი სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაკარგავს-მეთქი. მან პასუხი პირდაპირ არ გაუცია... ჩვენ ვერ მოვილაპარაკეთ. ესე იგი, ისე გამოვიდა, რომ მან სოჭში დამიბარა - სულაც არ ვდარდობ, თუ რა მოუვა შენს ბელარუსს, სირბილით წამოდი, მთავარია ეს არასასიამოვნო საკითხი უნდა გადავწყვიტოთო. და ვის რაში ჭირდებოდა, მე ვაღიარებდი თუ არ ვაღიარებდი სამხრეთ ოსეთს? სულ მალე ამ საკითხს ყველა დაივიწყებდა, ჩვენ კი, უფრო მეტ სანქციებს მივიღებდით“, - აღნიშნა ინტერვიუში ალექსანდრე ლუკაშენკომ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

https://www.youtube.com/watch?v=R5UmsPFMUaw&feature=youtu.be

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ