დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"აგვისტოს მოვლენები არა კლასიკური, არამედ ჰიბრიდული ომის "გენერალური ბრძოლა" იყო " 08.08.2020 13:16

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"რასაკვირველია, აგვისტოს ომის "კლასიკური" შეფასება ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის, ანუ "ტალიავინის კომისიის" მიერ - უკვე დიდი ხანია, რაც გაკეთებულია.


მაგრამ: აგვისტოს მოვლენები არა კლასიკური, არამედ ჰიბრიდული ომის, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აწარმოებს, "გენერალური ბრძოლა" იყო და ამ კონტექსტის გარეშე, მისი ადექვატურად შეფასება წარმოუდგენელია.


რუსეთის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა გერასიმოვმა - ჰიბრიდული ომის, როგორც თანამედროვე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის, კონცეფტი აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ - 2014 წელს წარუდგინა მსოფლიოს. მიიჩნევა, რომ ჰიბრიდული ომის დოქტრინა, მისი სტრატეგია და ტაქტიკა, რუსეთმა ყველაზე "წარმატებულად" გამოიყენა უკრაინაში; არადა, ამგვარი ომის სტრატეგია და ტაქტიკა,უკრაინის მოვლენებამდე ბევრად ადრე, წლობით მუშავდებოდა და როგორც ერთგვარ ლაბორატორიაში, პოსტ-საბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით ინტენსიურად - საქართველოს წინააღმდეგ, ისე გამოიცდებოდა ხოლმე ამგვარი, "ჰიბრიდული პოლიტიკის" პრაქტიკით.


"ჰიბრიდული ომის" კონცეფცია "კლასიკურისგან" დიამეტრულად განსხვავდება: "კლასიკური" ომი, ჯერ კიდევ კლაუზევიცის განმარტებით - პოლიტიკის სამხედრო მეთოდებით გაგრძელებას წარმოადგენს, ხოლო იმავე გერასიმოვის დოქტრინაში ომსა და პოლიტიკას შორის მიმართება 180 გრადუსითაა შეტრიალებული: ომი კი არ არის პოლიტიკის გაგრძელება, არამედ პირიქით: პოლიტიკა წარმოადგენს ჰიბრიდული ომის წარმოების არასამხედრო მეთოდს. ეს არსებითია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში გავერკვეთ.


რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ - სწორედაც ჰიბრიდული ომის დოქტრინის პოლიტიკაა. ეს მით უფრო სამწუხაროა და სავალალოა, რადგან საქართველოს იმ დროინდელმა ხელისუფლებამ იმთავითვე, ჯერ კიდევ 2004 წლიდანვე, წააგო რუსეთთან ჰიბრიდული ომის ეს "გენერალური ბრძოლა", რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა.


ისედაც "პირობითი" და "რელატიური" საერთაშორისო სამართალი ჰიბრიდულ ომთან საერთოდაც არ არის ადაპტირებული. ამიტომ, "კლასიკური" პასუხი მთავარ კითხვას - სამართლებრივად რომელ, ომის თუ მშვიდობის მდგომარეობაში ვართ ამჟამად რუსეთთან, უბრალოდ - არა აქვს.


ცხადია, რუსეთთან, დაწყებული 1991 წლის 9 აპრილიდან, ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ესაა მდგომარეობა, როცა მშვიდობაც - ომია.


ამ მდგომარეობის გათვალისწინება, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობას აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური კრახისთვის. მათ მოქმედებას სხვა სახელი - გარდა ეროვნული ღალატისა, არა აქვს!


რუსეთმა აგვისტოს გენერალური ბრძოლის დროს ყველა პოლიტიკურ მიზანს მიაღწია. ეს ვერასგზით ვერ მოხდებოდა, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი რომ არ ყოფილიყო!


უარესიც: "ვარდების რევოლუციის", რაც ასევე რუსეთთან ჰიბრიდული ომის საბედისწერო ეპიზოდია, პირდაპირი შედეგი გახლდათ - საქართველოს ორი რეგიონის ანექსია, დასველეთთან ინტეგრაციის პროცესის ბლოკირება და სახელმწიფოებრიობისთვის ეგზისტენციური საფრთხის შექმნა...


ხოლო "აგვისტოს ომის" საერთაშორისო შედეგი გახლდათ - რუსეთის, როგორც აგრესიული პოსტ-იმპერიის, გეოპოლიტიკური რეინკარნაცია.


როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია და ტაქტიკა რუსეთთან ჰიბრიდულ ომში?


ყველაზე მთავარი აქ და ახლა, ნაცების, როგორც სწორედაც რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, განეიტრალებაა! ეს აშკარაა და ბრმაც უნდა ხედავდეს!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ