13:57 08.08.2020
"საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ არა „ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურებაა“, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს აქვს ისეთი კითხვები, როგორიც არასდროს ჰქონია. ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არის საქართველო და არა „ქართული ოცნება“.


„ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურება“ არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვები, როგორიც არ ჰქონდა არასდროს.


დიახ, საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა ბაქრაძემ.

 

როგორც ის აღნიშნავს, კონგრესის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაიზრდება.

 

„რაც შეეხება კონგრესის მხარდაჭერას, დიახ, საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა „ქართული ოცნება“, ამიტომ, ეს მხარდაჭერა იყო იმ პერიოდშიც, როდესაც ბატონი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა, არის დღესაც, საბედნიეროდ, როდესაც საქართველოში მოღვაწეობს და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერი იქნება ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ ნამდვილად პროდასავლური ძალები, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და არა მხოლოდ რიტორიკულად და სიტყვიერი გამოხმაურების დონეზე”,- განაცხადა ბაქრაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge