14:09 08.08.2020
"ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, მოვითმინოთო"

12 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედოა და „2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით“.

 

„ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მძიმე დღეა ადამიანურად, პოლიტიკურად. მინდა მივიგონო ყველა დაღუპული, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გულსატკენია, მე ვესაუბრე დედებს, რა თქმა უნდა, მათ ვერაფერი ვერ გაახარებს, მაგრამ მათ გულისტკივილს ემატება ის, რომ ვერ გრძნობენ იმ ყურადღებას და დაფასებას, რაც მათ სჭირდებათ. ისინი 12 წლის შემდეგ ვერ ხედავენ ვერანაირ წინსვლას. ეს არის ყველაზე მტკივნეული.


მითხრა კიდეც ქალბატონმა, დღესაც გრძელდება ის, რის წინააღმდეგაც ეს ბიჭები დაიხოცნენო და ხელისუფლება არაფერს აკეთებსო.


არაფერს აკეთებს ხელისუფლება, როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, მოვითმინოთო. მათ არ ეხებათ და ამიტომ ითმენენ.


ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამდენი ახალგაზრდა შეეწირა ამ ომს და დღეს 12 წლის შემდეგ ვართ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე. ეს არის მძიმე. ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, ეს გამოსწორდეს.


ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რა კონტაქტები მაქვს, რა შეფერილობაც არ უნდა მისცენ, იმისთვის, რომ ის რეალობა რაც მიუღებელი და დამაქცეველია, შეიცვალოს"-განაცხადა ბურჯანაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge