22:38 08.08.2020
ახალქალაქში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა

ახალქალაქში მკვლელობის ფაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ განუცხადა. ​გუბერნატორმა ასევე კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა. 

 

„ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული. ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციური ძალები ემატება კვლავ და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ასევე, მოხდა სასტუმროს დაწვა. მკვლელის ახლობლები არიან თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ ამ წუთებში. სავარაუდოდ, ლოგიკურად, ასეა – მკვლელთან კავშირში უნდა იყვნენ. მათთვის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასე იყო ცნობილი და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. ზუსტად ამ მკვლელობის გაგრძელებაა, სხვა შემთხვევა არ არის. სასტუმრო ბრალდებულის პირადი საკუთრება არ არის, თუმცა შესაძლებელია, იყო მისი ნათესავის. ამაზე ზუსტად ვერ მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლებს ასე ეგონათ, მაგრამ არის თუ არა ზუსტად, ახლა არ მაქვს ეს ინფორმაცია. მანამდე, კონფლიქტს წინაპირობაა ჰქონდა თუ არა, არც ეს ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალქალაქში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გვყავს გარდაცვლილი, გარდაცვალების შემდეგ დაღუპულის ახლობლებმა დაწვეს ეს უძრავი ქონება. შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიცის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. მათ კიდევ ემატება რაოდენობა და მაქსიმუმად კონტროლზე ხდება აყვანა“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

 

​მისივე თქმით, მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა. „ამ დროისთვის, დაკავებული არ გვყავს, თუმცა პოლიცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. პოლიცია მუშაობს, როგორც კონტროლის დასამყარებლად, ასევე კრიმინალური შემთხვევაში მონაწილე პირების დადგენა- დაკავების მიზნით“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

 

ახალქალაქში მკვლელობა დღეს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge