00:49 10.08.2020
„ქართული ხალხური მუსიკის პატრიარქი“

თეა ფირცხალავას პოსტი:

 

„...ანზორ ერქომაიშვილი, როგორც მოვლენა, ერთია, იშვიათია, განუმეორებელია და უნიკალური. მას თავის სფეროში ბადალი არ ჰყოლია, არ ჰყავს და, სამწუხაროდ, არც ეყოლება კარგა ხანს....“ ასე „ხმამაღლა“ შეაფასა სიჩუმის დიდოსტატმა და „სიტყვაძუნწმა“ გია ყანჩელმა ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი და იგი „ქართული ხალხური მუსიკის პატრიარქად“ შერაცხა. დღეს ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის გახდა.


ყველაფერი კი ასე იწყებოდა:


1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში, სახელოვანი ქართველი ლოტბარისა და მომღერლის არტემ ერქომაიშვილის ვაჟის ოჯახში, დაიბადა ქართული საქმის საკეთებლად მოვლენილი კაცი, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში დაცული ქართული სიმღერებისა და ხალხური პოლიფონიური შედევრების შემკრები, ნოტებზე გადამტანი და გამომცემელი, საქართველოსთვის საამაყო ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხალხური სიმღერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი, კომპოზიტორი და ლოტბარი, მრავალი პრემიის მფლობელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე და... უბრალოდ, ქართული სიმღერის „მომფერებელი“ ანზორ ერქომაიშვილი, რომლის დიდი მეცადინეობით შესაძლებელი გახდა ათასობით ქართული სიმღერის ფონო-ჩანაწერის მოძიება და დაარქივება, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვანო სარაჯიშვილის, სანდრო ინაშვილის, ნიკო ქუმსიაშვილის, სანდრო კავსაძის, მარო თარხნიშვილის და სხვა ცნობილი მომღერლებისა და ლოტბარების ჩანაწერების აღდგენა და გამოცემა.


2019 წელს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური ხელშეწყობით, გამოიცა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის ინგლისურენოვანი სამტომეული: „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2010 წელს დაებადათ ამერიკული საგამომცემლო სახლის “Nova Science”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს. მათ დააფინანსეს წიგნების მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემა, ხოლო უმთავრესი ნაწილი, ანუ 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუშის მოძიება, ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალის აღდგენა-გასუფთავება, ორიგინალური მასალების დამზადება, ნაშრომების შექმნა, რედაქტირება, ინგლისურ ენაზე თარგმნა და სხვა სამუშაოები ფინანსურად უზრუნველყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ და ბიძინა ივანიშვილმა. სამტომეულში ასევე შევიდა ნაშრომები სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. აქ გავჩერდები, თორემ ჩამოსათვლელი იმდენია, რომ ერთი კაცისთვის დაუძლევლად მოგეჩვენებათ, მით უფრო, თუ სხვა წიგნებსაც გავიხსენებთ: „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“ და „ბაბუა“...


2020 წლის 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ბატონო ანზორ, გილოცავთ 80 წლის იუბილეს და დღეგრძელობას და კიდევ მრავალწლიან მოღვაწეობას გისურვებთ. და... უცებ პეტრე გრუზინსკის ეს სიტყვები გამახსენდა: „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება...




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge