დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ცასა და დედამიწას შორის ვართ - მიწას მოვწყდით, მაგრამ ცამდე ჯერ ვერ მივაღწიეთ" 10.08.2020 13:14

რუსეთის ტელეარხის „დოჟდ“-ის («ТВ Дождь») პროგრამაში „ზდეს ბ სეიჩას“ («Здесь и сейчас»), 9 აგვისტოს საღამოს (21.00) ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, თბილისიდან ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემ, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.


„მე მინდა თავიდანვე ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება სამარადჟამოდ იქნება მადლობელი ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობელი იმისთვის, რომ იგი არ დაჰყვა მოსკოვის ნებას და აფხაზეთისა და „ცხინვალის რეგიონის“ ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიარა, ანუ ალექსანდრე ლუკაშენკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სწორი არჩევანი გააკეთა საერთაშორისო სამართლის ისტორიაში“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა ტელეპროგრამაში ჩართვისას.


გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის, რაც დღეს ბელარუსში ვხედავთ, არაფრით არ განსხვავდება იმ მოვლენებისგან, რომლებიც თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში მოხდა და ხდება. ეს არის საზოგადოების რთული ძიების გამოხატულება - სად უნდა იყვნენ, სურთ თუ არა მათ დემოკრატია და როგორი პერსპექტივა სურთ.


კითხვაზე, თუ რამდენად მომზადებულია ბელარუსის საზოგადოება ცვლილებებისთვის, საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ გამოცდილების გათვალისწინებით, გრიგოლ ვაშაძე პასუხობს: „ ვერავინ ვერ აიძულებს საზოგადოებას სამოქალაქოდ გარდაიქმნას, სანამ ამის დრო ობიექტურად არ დადგება“. ეს ისტორიული პროცესია და ყველას ეხება -  როგორც საქართველოს, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სხვა დანარჩენ რესპუბლიკას. „საქართველოს შესახებ კონკრეტულად ვიტყვი: ჩვენ ცასა და დედამიწას შორის ვართ - მიწას მოვწყდით, მაგრამ ცამდე ჯერ ვერ მივაღწიეთ“.


ყოფილმა მინისტრმა ტელეეთერით ისარგებლა და „ნაციონალური“ მმართველობის დროს საქართველოს ხელისუფლების წარმატებებზე ისაუბრა: მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის ეკონომიკამ არნხულ განვითარებას მიაღწია, გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, განხორციელდა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები, გაღრმავდა ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაცია, შეიქმნა უვიზო რეჟიმის წინაპირობებიასეთი წინსვლა რომ გაგრძელებულიყო, ჩვენ მსოფლიოს მდიდარი სახელმწიფოების რიცხვში ვიქნებოდით, მაგრამ  როცა მოსახლეობამ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ასეთი წარმატების მიუხედავად, ნდობა მაინც სხვას გამოუცხადა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს კატეგორიულად არ მოსწონდათ ის, თუ რა ხდებოდა სამართალდამცველ ორგანოებში, მართლმსაჯულებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში „ძალიანაც კარგი - განხორციელდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ჩვენ ახლა ოპოზიციაში ვართ. მალე ადგილებს შევიცვლით...“.


ტელეჟურნალისტის კითხვაზე - „როგორც წარმოგიდგენიათ, ბელარუსის არჩევნების ფონზე, საქართველოს არჩევნების მიმდინარეობა, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი“, გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „რაც ყველაზე ნაკლებად მინდა ჩემს თავს, ჩემს პარტიას და საერთოდ, საქართველოს ვუსურვო, ესაა ქუჩის დაპირისპირება, დემონტრაციები და ა.შ. მინდა რომ ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც 2012 წელს - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა“.


„პოლიტიკურ ციკლს ვერავინ გააუქმებს - შეუძლებელია 8 წელზე მეტი ხელისუფლებაში იყო, არიგებდე მხოლოდ დაპირებებს და საქმით არაფერს აკეთებდე. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობით - „უსაფრთხოების ბალიშით“ საზრდოობს. რაიმე ახალი მას ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეუქმნია“, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე, თუმცა იქვე მაინც აღნიშნავს:


 „დღეს ვერ ვიტყვით იმას, რომ [2012 წლიდან] არაფერი არ გაკეთებულა (თუმცა ეკონომიკის მიმართ მართლაც ასეა): ბოლომდე იქნა მიყვანილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის იურიდიული გაფორმება, ხელი მოწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ნატოსაგან მივიღეთ თანამშრომლობის პაკეტი, რომლითაც წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხში“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.


საუბრის დასასრულს ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მაინც უკეთესია ხდებოდეს ხელისუფლების მონაცვლეობა, ვიდრე ისე იყოს, როგორც ეს ზოგიერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაშია.

 

წყარო: https://tvrain.ru/teleshow/vechernee_shou/eks_glava_mida_gruzii_o_peremenah_v_belarusi-514050/

 

/მოამზადა - სიმონ კილაძემ/


 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ