11:42 11.08.2020
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეიარაღებული ძალების სარდლობასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

 

შინდისში დილიდან შეიკრიბნენ გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლებიც.

 

„შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვის და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვეუბნები მათ და ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შინდისის მცხოვრებელს, ბადრი ხუციშვილს, რომელმაც რამდენიმე დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანა ბრძოლის ველიდან, სახლში შეიფარა და გადაარჩინა.

 

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკების დროს საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge