დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რა შემოუთვალა სერგეი შამბამ ქართველებს ინტერვიუს საშუალებით“ - „მუდმივ მტრობაში ცხოვრება, შეუძლებელია“ 11.08.2020 23:43

გიორგი კანაშვილის პოსტი:

 

8 აგვისტოს, ჩვენთვის კარგად ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსის - სერგეი შამბას ინტერვიუ, გამოქვეყნდა; სახელწოდებით - „მუდმივ მტრობაში ცხოვრება, შეუძლებელია“. შეგახსენებთ - სერგეი შამბა, სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო მდივნად დაინიშნა. ეს ის შამბაა, რომელიც 1997 წელს არძინბასთან ერთად, ხოლო 2006 წელს უშუალოდ თვითონ ეწვია თბილისს. ბჟანიასთან (ე.წ. პრეზიდენტი) და ანქვაბთან (ე.წ. პრემიერ-მინისტრი) ერთად, იგი „პრაგმატიკოსთა“ ჯგუფს განეკუთვნება და მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის აუცილებელია საქართველოსთან და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. გადაჭარბების გარეშე - ინტერვიუ უაღრესად საინტერესოა, სავსეა გზავნილებით თბილისისადმი (და არა მხოლოდ!) და ასე ვთქვათ, აფხაზების ჩვენთან ურთიერთობების ერთგვარ ხედვას წარმოადგენს.

 

ეხლა რას გვითვლის შამბა ინტერვიუს საშუალებით:

 

-პირველი და შესაძლოა ყველაზე მთავარი: აუცილებელია დიალოგის აღდგენაო. ამ დიალოგმა არავის უხერხულება, რომ არ შეუქმნასო (სტატუსის საკითხები და ა.შ.) - მოდი ვისაუბროთ არაფორმალურ გარემოშიო (არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით). იხსენებს ე.წ. „შლაინინგის ფორმატს“, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა და ოფიციალური პირების არაოფიციალურ პლატფორმას წარმოადგენდა.

-ჟენევაში, ძალის არ გამოყენებისა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერის პედალირებას - მოვეშვებითო; პრინციპში რაღაც ეგეთზე მანამდეც გვქონდა ხელმოწერილი და იყოს ის რაც არისო; ანუ - პრობლემური საკითხები, რაზე ვერ ვთანხმდებით გადავდოთო; თან - საქართველოსგან, ამ ეტაპზე, თავდასხმას არ ველითო;

-გალში ქართველების შევიწროვებას მოვეშვებითო; ვისაც უნდა აფხაზურ პასპორტებს დავურიგებთო, მათი იდენტობის ძალისმიერი შეცვლის პოლიტიკა არ ამართლებს და ამგვარი მცდელობები, ამ ხალხს მხოლოდ აბოროტებსო;

-დავიწყოთ ეკონომიკური ურთიერთოების ლეგალიზაციაო; ვაჭრობა მაინც მიდის ენგურის გავლითო და როდემდე უნდა ავარიდოთ ამას თვალიო;

-რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობა აუცილებელია ჩვენთვისო (მგონი ამ წინადადებაში ერთადერთხელ ახსენებს რუსეთს - მნიშვნელოვანია ეს ამბავიც!).

 

რომ შევაჯამოთ: გზავნილი თბილისისთვის - „აქ ვართ - მზად ვართ“; დასავლეთისთვის: „რუსეთი - კი, მაგრამ თქვენც“; რუსეთისთვის: „დიდი მადლობა, მაგრამ სხვებთანაც გვალაპარაკე“. ამასობაში, დაინიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ახალი სახელმწიფო მინისტრი; იმედი მაქვს, სულ მცირე იმავე ფორმატში (ანუ ინტერვიუთი) შეუთვლის: „დაგინახეთ, გავიგეთ, პრინციპში მზად ვართ - გვაცადეთ 1 ნოემბრამდე“. ამასთანავე, არაფორმალურად თუ დონორებსაც შეეხმიანება და „შლაინინგი - 2“ - ს დაანონსებს, ხომ სულ მთლად კარგი. ეს მიზერის მიზერია, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, მე მეტს არ ველი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ