ბოლო პერიოდში გავრცელებული გასახდომი დიეტის მიმდევარი არაერთი ადამიანია, მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც: შორენა ბეგაშვილი, ლიზა ყენია, კრისტი ყიფშიძე და სხვა. მათ სოციალურ ქსელში შექმნეს ახალი გვერდები, რისი საშუალებითაც რეკომენდაციას უწევენ და ყიდიან გასახდომ კოქტეილებს. გვპირდებიან წონის კლებას სწრაფად, შიმშილის გარეშე, მიირთმევ ყველაფერს დიეტის პარალელურად. ეს გასახდომი კოქტეილები სხვადასხვა არომატისა და გემოს შემცველია.
საინტერესოა, არის თუ არა ეს დიეტა მავნე ორგანიზმისთვის? ამ და სხვა კითხვებზე "ჯორჯიან თაიმსს" დიეტოლოგმა ლაშა უჩავამ უპასუხა:
- რამდენად ჯანსაღია ე.წ. "ენერჯი" დიეტა, არის თუ არა საშიში ჯანმრთელობისთვის?
- ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა აღნიშნული საკითხი და მრავლად არის პროპაგნადა სოციალურ ქსელებში. არ არსებობს კვების გავრცელებული სტილი, რომელიც, ყველა ადამიანზე იქნება მორგებული, ისევე როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, რომელსაც ზუსტად ერთნაირად ესაჭიროება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების რაოდენობა. შესაბამისად, მსგავსი დანამატები შესაძლებელია გარკვეული პათოლოგიების გამომწვევი იყოს ორგანიზმისათვის.
-არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ მისი მოხმარების დროს რაიმე დაავადების მატარებელი გავხდეთ?
- მსგავსი დანამატები ხშირ შემთხვევაში შეიცავენ შარდმდენ და საფაღარათო საშუალებებსაც სხვადასხვა ვიტამინებთან, მინერალებთან და პროტეინებთან ერთად, აქედან გამომდინარე, თუ პაციენტს აქვს რაიმე ტიპის დარღვევა ორგანიზმში, შესაძლებელია მოხდეს ამ დაავადების პროვოზირება და გამწვავება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი კვების სტილის შეცვლის დროს მოხდეს გარკვეული კლინიკო-ლაბორატორიული დიაგნოსტირება და მხოლოდ ამის შემდგომ შეირჩეს შესაბამისი კვების სტილი და მიეცეს რეკომენდაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
- ამბობენ, რომ ეს დიეტა არ შეიცავს დანამატებს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- თუ ვსაუბრობთ იმ დანამატებზე, რომელთაც ეწოდებათ კონსერვანტები და ემულგანტები, შესაძლებელია არ შეიცავდეს, მაგრამ, ნებისმიერ დანამტს, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ფხვნილის, - აბის თუ სითხის საშუალებით, ჰქვია საკვები დანამატი და შესაბამისად, ნებისმიერი საკვები დანამატი ეს არის დანამტი ორგანიზმისათვის.
-შეიძლება თუ არა სწრაფმა წონაში კლებამ „ენერჯი“ დიეტის მოხმარებით სწრაფი მატება გამოიწვიოს?
- დიახ, შესაძლებელია. ორგანიზმისთვის სწრაფი წონის კლება არის სტრესი და შესაბამისად, მან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ცვლილება, გარდა ამისა, ბალანსირებული კვებისას მას აქვს უნარი, მოახდინოს სელექცია სხვადასხვა ნივთიერებების და მხოლოდ ის ნუტრიენტები აითვისოს, რომელიც მისთვის არის აუცილებელი. მაშინ, როდესაც მას ვაყენებთ შიმშილის რეჟიმში, სამწუხაროდ ეს ფუნქცია ირღვევა და შემდგომში კვების რაციონის ცვლილებისას იწყებს მისთვის საჭირო, თუ არა საჭირო ნივთიერებების შეწოვას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არამხოლოდ წონის რიკოშეტული დაბრუნება, არამედ, სახვადასხვა დარღვევები მეტაბოლიზმის პროცესებში.
- რას ურჩევდით "ენერჯი“ დიეტის მომხმარებლებს?
- ვურჩევ, რომ თუ უნდათ წონაში კლება აუცილებელია შეისწავლონ თავიაანთი ორგანიზმი, მიმართონ სპეციალისტებს და მოიწესრიგონ ცხოვრების წესი. არ არსებობს უნივერსალური საშუალება, რომელიც მოგვიწესრიგებს წონას და ჯანმრთელობას, გარდა სწორი ცხოვრების რეჟიმისა, რომელშიც არის სამი ძირითადი პრინციპი: სწორი კვება და ძილი, ფიზიკური აქტივობა.
მოამზადა - თამარ ტოჩილაშვილმა
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge