11:53 13.08.2020
"ერიდეთ ტროლებს, ამორიცხეთ ისინი თქვენი ფეისბუქ-მეგობრების სიიდან!"

თეიმურაზ ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, "TROLL" - ის განმარტებას აკეთებს: 

 

"TROLL

სკანდინავიური (შვედური) მითოლოგიის თანახმად, ტროლი ალქაჯის, ჯუჯის ან გოლიათის ფორმის ბოროტი, ფიზიკურად და სულიერად მახინჯი არსებაა. ამ დაუნდობელ ქურდბაცაცებს არ გააჩნიათ საკუთარი ენა და შენების, შექმნის ნიჭი; სინათლისა და მზის სხივების არეალში მოხვედრისას, მაშინვე გადაიქცევიან სიპ ქვებად.


მას შემდეგ, რაც ტკბილ მოგონებად იქცა ბეჭდური მედია, ფოსტალიონები და გრძელი რიგები საგაზეთო ჯიხურებთან; აღარაფერს ნიშნავს დრო და მანძილი; კომპიუტერული სისტემები ურთიერთობის უმთავრეს საშუალებად მოგვევლინა და ნებისმიერი ინფორმაციის მიღების მსურველები ეკრანებს მიაჯაჭვა, ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედების (ეგრეთ წოდებული „ცივი ომის“) ფორმები და მეთოდებიც რადიკალურად შეიცვალა. უფრო ზუსტად - ძალიან გაიოლდა, შეუდარებლად უფრო ეფექტური და დაუნდობელი გახდა.


ბუნებრივია, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა და არც არის.


როგორც ჩინური სიბრძნის სტრატეგოსი, სუნ-ცზი, ბრძანებდა, თუ მოწინააღმდეგის განზრახვა იცი, შეგიძლია ყოვლისშემძლე ღმერთივით იმოქმედო და, რაც მთავარია, იმ ყოვლისშემძლედ გადაქცევა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლიაო.


ღმერთამდე ასამაღლებლად აუცილებელია არა უსაზღვროდ ბევრის, არამედ აუცილებლის ცოდნა - გააჩნია, რის გაკეთებას ვაპირებთ. ისიც გავიხსენოთ, რომ ინტელექტი, პროფესიონალიზმი და ზნეობა მეტისმეტად განსხვავებული ცნებებია და მათი გაიგივება დიდი შეცდომა იქნებოდა. ანუ ინტელექტუალი და პროფესიონალი ადამიანი, შესაძლოა, იყოს ყოვლად უზნეო; ნებისმიერი ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული იყოს კეთილი ან ბოროტი მიზნებისთვის. მოკლედ, მეცნიერული ცოდნა ატომური ენერგიის შესახებ შეიძლება გამოვიყენოთ ატომური ბომბის შესამნელადაც და ელექტროსადგურის ასაშენებლადაც.


ასეთივე ვითარებაა ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების თვალსაზრისითაც. ჯერ მოიპოვება ინფორმაცია და შემდეგ განისაზღვრება მისი გამოყენების სტრატეგია. ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ომები განსხვავებული ინტერესების მქონე ინდივიდებს, ჯგუფებს, ფირმებს, სამეცნიერო წრეებს, რელიგიურ კონფესიებს, პოლიტიკურ პარტიებსა თუ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ადამიანმა აზროვნება ისწავლა და სხვათა წინაშე უპირატესობის დამტკიცების აუცილებლობა გაუჩნდა. კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მაგალითია „მსოფლიო სოციალისტურ თანამეგობრობასა“ და „იმპერიალისტურ სამყაროს“ შორის გაჩაღებული დაუნდობელი „ცივი ომი“, რომელიც საბოლოოდ „თანამეგობრობისა“ და თვით საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა.


გავიხსენოთ არანაკლებ მძლავრი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც 70 წლის განმავლობაში ასეული მილიონობით ადამიანის ცნობიერებაში ჯიუტად და არცთუ წარუმატებლად ნერგავდა სოციალურ-პოლიტიკურ მითს ანტისოციალისტური იმპერიალისტური შეთქმულების თაობაზე. ნუ დავივიწყებთ, რომ საბჭოთა კავშირის, სოციალისტური თანამეგობრობისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის, „ვარშავის პაქტის“, დაშლის შემდეგაც „ცივი ომი“ არ დამთავრებულა.


ასე რომ, პროვოკაციული განცხადებებით სიცრუისა და დემაგოგიის შეგნებულად გავრცელებისთვის „ტროლი“ შემთხვევით არ დაურქმევიათ. ფსიქოლოგების განმარტებით, ეს არის სპეციალურად შექმნილი საიდუმლო ჯგუფების (ე. წ. „ფერმების“) მიერ სადისტური ზემოქმედება ადამიანის გრძნობებზე, ცნობიერსა და ქვეცნობიერზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტროლების ერთი შეხედვით უარგუმენტო, მაგრამ აშკარად დემაგოგიური და პროვოკაციული პოსტები, მათივე მიზანდასახული კომენტარები მკითხველს შეკამათების დაუძლეველ სურვილს უჩენს.


შედეგად, მიმდინარეობს ცხარე კამათი ყოვლად აბსურდულ, სახელმწიფოების, პარტიების, მეცნიერების, ცალკეული „ცნობადი სახეების“ წინააღმდეგ მიმართულ თემებზე.


როგორც ვთქვი, ტროლების მთავარი იარაღი პროვოკაციულად დასათაურებული ფეიკ (ყალბი) ნიუსები (ინფორმაციები) და დემაგოგიური განცხადებებია.


მაგალითები? - რამდენიც გენებოთ!


ვინმე გიორგი კიკალიშვილი მყვირალა აფიშების ფორმით ფეისბუქზე ყოველდღიურად აკეთებს ასეთ საჯარო განცხადებებს:


„როგორ ფიქრობთ, ბოლო 30 წლის მანძილზე რომელმა ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ყველაზე დიდი ზიანი?“; „როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი არის გვარგადაკეთებული სომეხი და ოსი?“; „შემოდგომაზე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს“; „საზოგადოებრივ ტრანსპორტს არ ხსნიან, სამაგიეროდ ტურისტებს ეპატიჟებიამ საქართველოში. დეგენერატიზმი მძვინვარებს ქვეყანაში“; „როგორ ფიქრობთ არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი დაავადება და რას ემსახურება ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება სხვადასხვა ქვეყნებში?“; „პოლიტიკა: თქვენი აზრით საქართველოს პოლიტიკური კურსი როგორი უნდა იყოს? პრო დასავლური თუ პრო რუსული?“; „რაც უფრო ახლოვდება საგანგებო მდგომარეობის დასრულების თარიღი, სულ უფრო იზრდება კორონათი დაავადებულთა რიცხვი“; „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის თაღლითური და კორუმპირებული ორგანიზაცია, რომელიც უნდა მოისპოს და განადგურდეს;“ „ხელისუფლების წარმომადგენლებო დაურიგეთ ღარიბ ოჯახებს 1500 ლარი, თორემ ქვეყანაში შიმშილი და მღელვარება გარდაუვალი იქნება...“ (სტილი დაცულია).


ყველა ამ განცხადებას 250-დან 700-მდე გამოხმაურება ახლავს !


ტროლ-გიორგის ჭეშმარიტი მიზნების გასარკვევად, მრავალთაგან კიდევ ერთი დემაგოგიური ფეიკ-აფიშა და მასზე რამდენიმე დამახასიათებელი გამოხმაურება ვნახოთ:


„მეორე მსოფლიო ომში რომ დამარცხებულიყო საბჭოთა კავშირი და გაემარჯვა ნაცისტურ გერმანიას რა მდგომარეობა შეიქმნებოდა საქართველოში? როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის სამამულო ომი?“


კომენტარები:


„უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველების ამ ომში მონაწილეობა გერმანელეის წინააღმდეგ იყო ღალატი, როგორც საკუთარი ინტერესების მიმართ ასევე იმ ქვეყნის წინაშე, რომელიც საქრთველოს დამოუკიდებლობის გარანტი იყო. ეს ქვეყანა იყო გერმანია. რომ არ ის ფაქტი რაც მას შემდეგ მოხდა ანუ გერმანიის დამარცხება პირველ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანას ბუზს ვერ აუფრენდა ვერც აზერი, ვერც სომეხი და ვერც რუსი.“


„ფაქტია, რომ მენშევიკების დროს მარტო გერმანია გვედგა მხარში, რუსების, სომხების და ინგლისის საპირწონედ!“


„30 წელი რომ მძვინვარებს ფაშიზმი საქართველოში, ეს მასზე გამარჯევაბს ნიშნავს? იქნებ წაიკითხოთ "თავისუფლების" ქარტია (არის თუ არა ის ფაშიზმის ქარტია?)“.


„მეორე მსოფლიო ომში რომ დამარცხებულიყო საბჭოთა კავშირი და გაემარჯვა ნაცისტურ გერმანიას, ახლა ვიქნებოდით გერმანიის დონეზე!“ (სტილი დაცულია).


ფეიკ-აფიშისა და კომენტარების თუნდაც ზერელე ანალიზით, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ერთიცა და მეორეც ტროლების „ფერმის“ შემოქმედებაა - იგივე გამჭვირვალე დემაგოგია, იგივე თავხედური პროვოკაციული ტონი, იგივე დემონსტრაციული უვიცობა, საზოგადოებაში პანიკის შეტანისა და დაპირისპირების იგივე მცდელობები, იგივე გრამატიკული შეცდომები...


სამწუხაროდ, ქართულ ელექტრონულ მედიასივრცეში კიკალიშვილი არ არის ერთადერთი. ნახეთ ვინმე დანტე ქართველის, ქეთი სიჭინავას, დათო-დათოს და სხვათა პოსტები, რომლებიც კიკალიშვილის „შემოქმედების“ აბსოლუტური გადამღერებაა:


„ჩემი აზრით:ქართული ოცნება უნდა წავიდეს არჩევნების გზით! ოპოზიციამ უნდა გაიმარჯოს,კოალიციური მთავრობა საჭირო;“ „თქვენიაზრით, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება? „თქვენი აზრით: ვის შეუძლია გახდეს „მესამე“პოლიტიკური ძალა რომელიც რეალურად შეცვლის ნაც-ქოცებს;“ „ტყის გაჩეხვა კანონით დასჯადი უნდა იყოს. ტყეში ცხოვრება ჯანმრთელობაა და მეტი გამწვანება თბილისს!“ „თქვენი აზრით: პირადობის მოწმობაში ეროვნება მითითებული უნდა იყოს?; „პოლიტიკა: თქვენი აზრით საქართველოს პოლიტიკური კურსი როგორი უნდა იყოს, პრო დასავლური თუ პრო რუსული?“ „რას ფიქრობთ: მიწები რომ ქართველებზე გადანაწილდეს...კიტრი, პომიდორი,კარტოფილი-მოიყვანდნენ და ამით გლეხიც იხეირებს,ქვეყანაც და ერიც“; „ჩემი აზრით საქართველოს ჰიმნი შესაცვლელია, მარაზმია ეს ჰიმნი...რას ფიქრობთ ამის შესახებ თქვენ...“ (სტილი დაცულია).


კიდევ ერთი საგულისხმო მაგალითი იმისა, რომ ტროლების ბოროტი „ფერმის“ მიზანი არაფერია საზოგადოების დაპირისპირება-დაპანიკების, საზოგადოებრივი აზრის გამრუდებისა და აქცენტების მთავარიდან მეათეხარისხოვანზე გადატანის გარდა:


„რას ფიქრობთ „ამ“ ვირუსის შესახებ...თქვენი აზრით ხელოვნურია თუ ბუნებრივი კოვიდ 19 ვირუსი?“


„ნუ პანიკობთ,პანიკა ყველაზე დიდი მტერია ადამიანის და ე.წ. შეთქმულების თეორია და ვითომ კორონა ხელოვნურია თავიდან ამოიგდეთ: არანაირი მასონები და გლობალისტები,არანაირი დასავლეთი და რუსეთი! ეს ვირუსი ბუნებრივად არის შექმნილი,მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივთა რომლებიც გაექცათ ჩინელებს.და თქვენ რას ფიქრობთ?“ (სტილი დაცულია).


ეს არის ერთი კაცის, მაპატიეთ, ერთი ტროლის ორი აბსოლუტურად ურთიერთ საწინააღმდეგო შინაარსის წინადადება, რომელსაც თვით წერა-კითხვის მცირედ მცოდნე ადამიანიც კი საკუთარი ინიციატივით ვერ დაწერს. ხაზს ვუსვამ - „არ დაწერს“ კი არა, „ვერ დაწერს“. ტროლი კი წერს და ამას აკეთებს სპეციალური დავალებით. ხოლო, ვინ იძლევა ამგვარ დავალებებს, „საკითხავი აი, ეს არის!“ იმედია, ადრე თუ გვიან ესეც გაირკვევა. ხომ გახსოვთ სკანდინავიური მითი - ბოროტი და მახინჯი ტროლი მაშინვე სიპ ქვად გადაიქცევა, როგორც კი მას სამზეოზე გამოიყვანენ!


მანამდე კი ერიდეთ ტროლებს, ამორიცხეთ ისინი თქვენი ფეისბუქ-მეგობრების სიიდან!


01. 07. 2020 წელი" - წერს ქორიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge