დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სოხუმმა თბილისთან დიალოგისათვის მზადყოფნა განაცხადა 14.08.2020 11:57

რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის («Голос Америки») ვებ-გვერდზე 12 აგვისტოს გამოქვეყნდა პუბლიკაცია სათაურით „სოხუმმა თბილისთან დიალოგისათვის მზადყოფნა განაცხადა“, რომელშიც მიმოხილულია აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების - პრეზიდენტ ასლაბ ბჟანიასა და უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას მიერ რუსულ მასმედიაში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ. მათში თბილისთან დიალოგის მზადყოფნაა გამოხატული. ამავე სტატიაში კომენტარს აკეთებს პაატა ზაქარეიშვილი (ყოფილი სახელმწიფო მინისტრი), რომლის თქმით, აფხაზეთის ახალი ლიდერები - [პრეზიდენტი ასლან ბჟანია], პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შამბა უფრო „კონსტრუქციულები არიან“ თბილისთან მიმართებით, ვიდრე „კრემლის მიერ დასმული კაცი“ რაულ ხაჯიმბა იყო. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ბჟანიაც, ანქვაბიც და შამბაც ცდილობენ უფრო ნაკლებად პრორუსულები და მოსკოვისაგან უფრო დამოუკიდებლები იყვნენ.


„კრიზისის პირობებში, როცა რუსეთი აფხაზეთისათვის ფინანსური დახმარების გაწევას აყოვნებს, სეპარატისტული რეგიონის ახალი ლიდერები ცდილობენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ. ამ მიზნით ისინი განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის საქართველოსთან დიალოგსაც - იმედი აქვთ, რომ თბილისი მათ შესაძლებლობას მისცემს ევროპასთან და საერთოდ, ცივილიზებულ მსოფლიოსთან კონტაქტზე გასასვლელად“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და თბილისის რეაქციას, რომელიც თავს იკავებს და დუმილს ინარჩუნებს, „უცნაურს“ უწოდებს. ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი - ქვეყანაში წინასააჩევნო პერიოდია და ხელისუფლებას ახლა სოხუმი ნაკლებად ადარდებს, მეორე - მთავრობა თავს არიდებს სოხუმთან დიალოგს იმ მიზეზით, რომ თუ ის დათანხმდება, მაშინ ოპოზიცია მის ნაბიჯს პრორუსულად და ეროვნული ინტერესებისადმი ღალატად ჩათვლის. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებამდე ამ საკითხში წინსვლა არ იქნება“, - ასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.


---------


„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის პუბლიკაციამ აფხაზური მხარის დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა პაატა ზაქარეიშვილის ნათქვამზე - განსაკუთრებით „თბილისთან დიალოგის მზადყოფნის“ საკითხზე და იმასთან დაკავშირებით, რომ „აფხაზეთის დღევანდელი ლიდერები უფრო პრორუსულები არიან“.


„მიკვირს, რომ საბჭოთა ეპოქისდროინდელი ამერიკული პროპაგანდისტული იარაღი, როგორიცაა „ამერიკის ხმა“, ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს მე არ ვიცოდი“, - ირონიულად ამბობს ალექსანდრე ანქვაბი კომენტარის დასაწყისში, შემდეგ კი არსებით საკითხზე გადადის: მისი თქმით, „აფხაზეთის არც წინანდელ და არც დღევანდელ ხელისუფლებაში არავინ არ არის ისეთი, ვინც საქართველოსთან ბრძოლას მოუწოდებს, პირიქით, თბილისის მიერ ჩვენზე თავსმოხვეული ომის შემდეგ ჩვენ განუწყვეტლად ვაყენებთ საკითხს, რომ დაიდოს შეთანხმება სამხედრო მოქმედებების არგანხლების თაობაზე, მშვიდობიანი მეზობლობის მიზნით. ამას ვამბობთ დღესაც. აქვე ხაზს ვუსვამ, რომ აფხაზეთი არავისთან არ დაიწყებს დიალოგს თავის დამოუკიდებლობის საკითხზე, „დაუბრუნებლობის წერტილი“ უკვე გავლილია. თუმცა, რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობა აუცილებელია საერთაშორისო გარანტიებით“.


ალექსანდრე ანქვაბი კომენტარში შეეხო გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობას და აღნიშნა: „აფხაზეთის მკვიდრ ყველა ქართველს, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ არ უბრძოლია, აფხაზეთის მოქალაქეებად ვთვლით. შესაბამისად, უსამართლო იყო თავის დროზე ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მათ პასპორტები ჩამოართვეს. მაგრამ ეს მაინც ჩვენი საშინაო საქმეა. თუ ქართული მხარე ჩვენს ასეთ მიდგომებში კონტრუქტივიზმს ხედავს, მაშინ ის მართალია: ჩვენი კონსტრქციული მოქმედება იმაში გამოიხატება, რომ წინააღმდეგნი ვართ ომის განახლებისა, გვსურს სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა“.


ალექსანდრე ანქვამბმა სასაცილოდ მიიჩნია პაატა ზაქარეიშვილის ნათქვამი, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელებში არიან ისეთები, რომლებიც „პრორუსულად ნაკლებად არიან განწყობილნი“.


„აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ხელმძღვანელები არ იყვნენ და არც ახლა არ არიან. ეს სრულიად ეხება პრეზიდენტს ასლან ბჟანიას, პრემიერ ალექსანდრე ანქვაბს, ასევე სერგეი შამბას და ექს-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა. მისი თქმით, ასეთი საექსპერტო მოსაზრებებს არსებობის უფლება ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ რომელიმე აფხაზი ლიდერი ამ ყველაფერს საკუთარი განცხადებით ან მოქმედებით დაადასტურებდა, მაგრამ „არაფერი ამის მსგავსი დრეს არ არის. არა მგონია, რომ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ჩამოთვლილ ხელმძღვანელებთან პირადი კონტაქტი ჰქონდეს ასეთი დასკვნების გასაკეთებლად. ჩვენ გვინდა საქმე გვქონდეს ისეთ საექსპერტო დასკვნებთან, რომლებიც რეალობას და კონკრეტიკას ეფუძნება. დანარჩენი კი სიტყვიერი ნაგავია“, - განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა.


წყაროები:


https://www.golos-ameriki.ru/a/nc-abkhazia-talks-with-tbilisi/5540693.html

https://www.apsnypress.info/ru/item/322-aleksandr-ankvab-nash-konstruktivizm-po-otnosheniyu-k-gruzii-zaklyuchaetsya-v-tom-chto-my-protiv-vozobnovleniya-vojny-my-za-podpisanie-mirnogo-dogovora

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ