დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გერმანული მასმედია ბელარუსის ამბების ირგვლივ: რამდენად შესაძლებელია რუსეთის სამხედრო შეჭრა? 14.08.2020 12:17

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deustche Welle») დღეს, 14 აგვისტოს სათაურით „გერმანული მასმედია ბელარუსის ამბების ირგვლივ: რამდენად შესაძლებელია რუსეთის სამხედრო შეჭრა?“ გამოაქვეყნა მიმოხილვითი მასალა, თუ როგორ შუქდება გერმანიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსი ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო ანტისამთავრობო გამოსვლები.


გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) სტატიაში „ბრიუსელი ლუკაშენკოს მიმართ მოთმინებას კარგავს“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი შოკირებულია ბელარუსში მიმდინარე ძალადობით და ამიტომ, ამ საკითხის განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სეხვედრა ტარდება. ბრიუსელის დიპლომატიურ წრეებში ამბობენ, რომ სიტუაციის განვითარების კვალობაზე, სავარაუდოდ, ბელარუსის ხელმძღვანელებს, კონკრეტულად კი ალექსანდრე ლუკაშენკოს დამატებითი სანქციები დაუწესდება. ამავე დროს პოლიტიკური მიმოხილველი ქრისტოფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპა რთული დილემის წინაშე დგას: „რაც უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ბრიუსელი მინსკზე, მით უფრო სავარაუდოა, რომ ამის შედეგად ალექსანდრე ლუკაშენკო თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს უფრო მეტად „ჩაეხვევა“.


„დღემდე ბელარუსის ლიდერი ახერხებდა ორმაგ თამაშს როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის წინაშე. ეს ალესილ დანის პირზე ბალანსირებას ჰგავდა, მაგრამ დღეს სხვაგვარი მდგომარეობაა: წინა პერიოდისაგან განსხვავებით, ამჟამად ბელარუსის მდგომარეობა ევროკავშირსად საფრთხეს უქმნის: ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს  შეიძლება სამხედრო დახმარება შესთავაზოს ოპოზიციასთან ბრძოლაში, სამაგიეროდ კი მინსკისაგან ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვოს“, - ვარაუდობს ქრისტოფ შოლცი.


გაზეთ „ბილდ“-ში (Bild) გამოქვეყნებულ კომენტარში სათაურით „მოქმედება - სიტყვების ნაცვლად!“ მიმომხილველი იულიან რეპკე ემოციურად წერს, რომ ევროპაში არსებულ ბოლო დიქტატურას - ბელარუსის მმართველ კორუმპირებულ რეჟიმს თავის გადარჩენა სურს. დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით ათასობით ადამიანია დასახიჩრებული, და ამ დროს დასავლეთი უხმოდ უყურებს მოვლენებს, უმოქმედოა. „ევროპა, გამოფხიზლდი, ბელარუსის ხალხს თავისუფლება სურს და დაეხმარე. სანქციებზე ლაპარაკს საქმე უნდა მოჰყვეს“, - წერს მიმომხილველი.


ტელეარხ „არდ“-ის (Ard) ანალიტიკურ პროგრამა „ტაგესშაუს“ (Tagessschau) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რა რეაგირებას მოახდენს რუსეთი?“ მიმომხილველი სილვია შტოიბერი აღნიშნავს:


„რუსეთისათვის ბელარუსს დიდი მნიშვნელობა აქვს - აქ გადის როგორც დასავლეთისკენ მიმართული რურული მილსადენები, ასევე ეს ქვეყანა რუსეთისათვის ერთგვარ „უსაფრთხოების ბალიშის“ როლსაც ასრულებს. „შორეულ აღმოსავლეთში“ - ხაბაროვსკში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების ფონზე კრემლისათვის „ახლო დასავლეთში“ მდებარე მოკავშირე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სასურველი არ უნდა იყოს. სამხედრო მოქმედება ბელარუსის წინააღმდეგ სრულიად გამორიცხული არ უნდა იყოს: გავიხსენოთ, რომ თავის დროზე არავინ არ უშვებდა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, მაგრამ ეს მაინც მოხდა. თუმცა საინტერესოა ერთი გარემოება: უკრაინისაგან განსხვავებით, ბელარუსელი მომიტინგეები არ ითხოვენ იმას, რომ ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთოს რუსეთსა და ევროკავშირ-ნატოს შორის, ისინი უფრო ქვეყნის შიდა სიტუაციას აკრიტიკებენ.


მოკლედ, ამ ეტაპზე რუსეთი ბელარუსში სამხედრო შეჭრას არ განახორციელებს - კრემლს აფრთხობს ის საკითხი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ ბელარუსის მოსახლეობა თავიანთი ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში რუსეთის ჯარის გამოჩენაზე - მეგობრული, მაგრამ მაინც უცხო ქვეყნის ჯარზე. მოსკოვს დიდი არსენალი აქვს ჰიბრიდული ომის წარმოებისათვის, ისინი უფრო ნაკლებად ძვირადღირებულია და უფრო ეფექტური“, - ასკვნის სილვია შტოიბერი.


წყარო: https://p.dw.com/p/3gvMp

 

მოამზადა-სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ