ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მორიგი მავნე, ცრუ ინფორმაციები, ცრუ ფოტოებით (1 და 2 ფოტო), რომლებსაც ამ დღეებში აქტიურად ავრცელებენ, თითქოს საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის გამო, საქართველოს საჰაერო სივრცე ცარიელია.
მიაქციეთ ყურადღება, პირველი ორი ფოტო არის რასაც ავრცელებენ. დანარჩენ ფოტოებზე ასახულია საჰაერო სივრცეში არსებული რეალური მდგომარეობა, რომლებიც მე გავაკეთე.
ამ ცრუ ფოტოების გავრცელება გათვლილია ბრბოზე, როგორადაც ყველას გვთვლიან. არადა, ვინც ავრცელებს, თავად აზრზე არ არიან, ამ სფეროზე წაემოდგენა არ აქვთ.
ჯერ ფოტოების შესახებ. ეს ფოტო ასლები გადაღებულია საიტიდან fligthradar24, რომელიც, მთელ მსოფლიოში, დროის რეალურ მასშტაბში საჰაერო ხომალდების მოძრაობას აჩვენებს.
როგორც ხედავთ, პირველ ორ ფოტოზე, რომლებიც ფეისბუკით ვრცელდება, საქართველოს საჰაერო სივრცე ცარიელია, ხოლო დანარჩენ ფოტოებზე დაინახავთ, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტული ფრენები ხორციელდება.
თავადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ, შეხვიდეთ საიტზე, შეცვალოთ რუკის მასშტაბი, გაადიდოთ, დააპატარაოთ. შესაბამისად კონკრეტულ რაიონში რეისების ნიშნების ან სიმჭიდროვე იქნება, ან მეტი სიცარიელე.
მაგალითად, თუ მასშტაბის გადიდებისას ევროპა მთლიანად თვითმფრინავების ნიშნებითაა გადაჭედილი, თუ რუკას ახლოს მოიტანთ, ზოგ ქვეყანაში (ერთ-ერთ ფოტოზე იხილეთ ევროპის ცენტრი, ავსტრია,სადაც მხოლოდ ვენის უდიდესი აეროპორტიდან, ადრე, ყოველ 45 წამში ხდებოდა აფრენა/დაჯდომა) სიხალვათეა.
ასევე, როცა რუკის მასშტაბს ან ადგილმდებარეობას ცვლით, ნიშნულების გამოჩენას 1-2 წამი სჭირდება. მაგ დროს თუ ასლს გააკეთებთ, შეგიძლიათ აჩვენოთ რომ სიცარიელეა. ან შეგიძლიათ, როგორც ერთ-ერთ ფოტოზეა, ასლისვგაჟეთების შემდეგ, ფოტოშოპში, რომელიმე ქვეყანა გააფერადოთ და ყვითელი ნიშნულები წაიშლება.
ამ ბმულზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და თავად შეამოწმოთ დღე-ღამის სხვადასხვა დროს:
https://www.flightradar24.com/44.39,40.8/4
ისე, აეროპორტის გვერდზე თუ შეხვალთ, ყოველ დღე 5-6 რეისი სრულდება. ისე, უკრაინასაც სერიოზული კლება აქვს, ოღონდ პანდემიის გარდა, სხვა მიზეზიცაა.
ახლა განვიხილოთ რა ხდება ავიაინდუსტრიაში.
IATA-ს (სატრანსპორტო ავიაციის საერთაშორისო ასოციაცია) ინფორმაციით საავიაციო გადაზიდვები პანდემიამდელ პერიოდს დაუბრუნდება 2024 წლისთვის, ხოლო 2022 წლის პროგნოზი გაუარესდა და 2023-სთვის გადაიწია.
არსებული მონაცემებით, მსოფლიოში, საავიაციო გადაზიდვები შემცირებულია დაახლოებით 50%-თ.
გაზაფხულზე ვწერდი Lufthansa-ს კრიზისზე, რომელიც DAX-ის ინდექსიდან და გეემანიის 30 უმსხვილესი კომპანიის სიიდან ამოვარდა.
აეროფლოტის მაგალითითაც შეგვიძლია შევაფასოთ, მათი გადაზიდვები შემცირდა 55%-თ.
თუ სხვა კომპანიების სტატისტიკას მოიძიებთ, უარეს სურათსაც მიიღებთ.
ამ კრიზისის ფონზე რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოს გავლით ფრენები შემცირებულია?
მაგრამ რასაც ავრცელებენ, რომ ცა ცარიელია და არავინ დაფრინავს, მტკნარი სიცრუეა და გაღიზიანებას იწვევს.
მესმის, იწყება საარჩევნო კამპანია და სიცრუეების გავრცელებაში მოთელვას იწყებთ.
ასევე, როგორც ვატყობ, ძალიან გსურთ ზეწოლა მოახდინოთ მთავრობაზე, უკონტროლოდ გახსნან სივრცეები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ერთი მხრივ ე.წ. მეორე ტალღა და, ამ ფონზე, შესაძლოა, არჩევნების შეფერხება, ასევე ეპიდემიის ახალი ტალღა აისახოს ეკონომიკაზე, შესაბამისად მოსახლეობის განწყობებზე.
აქვე ეკონომიკის შესახებ. აშშ-ს მშპ-ს ვარდნაზე ადრე დავწერე. დღევანდელი მდგომარეობით მოგახსენებთ რა ხდება მსოფლიოში.
განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა შემცირდა 9,8%-თ, რაც 3-ჯერ აღემატება 2009 წლის ეკონომიკურ კრიზისს.
G7-ს ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა შემცირდა 20,4%-თ, საფრანგეთის 13,8-თ, იტალიის 12,4%-თ, კანადის 12%-თ, გერმანიის 9,8%-თ. საშუალოდ ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა 11,7%-თ, მაღალტექნოლოგიური იაპონიის 7,8%-თ.
ის რომ მსოფლიოში ასეთი მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ჩენი ეკონომიკაც შემცირდებოდა, სასპეკულაციო თემა არ უნდა იყოს. ამასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკასთან მინართებაში საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს დამაიმედებელი პროგნოზები რომ აქვთ, თქვენ თვითონაც იცით.
ამიტომ, შევეშვათ საარჩევნო კამპანიისას სიცრუეების ტირაჟირებას. დაწერეთ საარჩევნო პროგრამები (ლოზუნგები და ფლაერები კი არა, პროგრამები) და ისე წარსდექით ამომრჩევლის წინაშე.
P.S. ვინც გაქცეული წაიკითხეთ და ეს ბმული გამიგრჩათ, გადადით და შეამოწმეთ ყოველ 1 საათში (დაახლოებით ეს დრო სჭირდება ორ ზღვას შორის სივრცის გადაფრენას) რა ხდება საქაეთველოს საჰაერო სივრცეში.
https://www.flightradar24.com/44.39,40.8/4 "- წერს ამირან სალუქვაძე და ფოტოებს აქვეყნებს:
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge