დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"კადრები ტაძრიდან, რაც ზიარდება, არავითარ კავშირშია შიმშილის არანაირ გამოცდილებასთან" 29.08.2020 13:12

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"ცხადია, იმ ასაკისა და გამოცდილების შევიქენი, რომ ნამდვილი შიმშილი თავადაც გამომიცდია; მაგრამ რაც შიმშილზე გამიგია - მერაბ კოსტავას მოგონებები ყველაზე გამაოგნებელი იყო ჩემთვის, ხოლო რაც წამიკითხია - კნუტ ჰამსუნის ბრწყინვალე მოთხრობაა - "შიმშილი".


მერაბის 'შიმშილი" - ხორციელზე ძლევის და სულიერი ვაჟკაცობის საკვირველი გამოცდილება იყო და კარგად მახსოვს, ისე ცოცხლად გვიყვებოდა, ისე "შემოდიოდა" მისი ეს გამოცდილება ჩვენში, რომ ათი მსმენელიდან 9-ს ცრემლი მოგვადგა თვალზე; ეს არ იყო ტანჯვის, არამედ პირიქით - შიმშილის გამოცდილებით განცდილი ნეტარების ცრემლი, რაც მერაბმა არა მხოლოდ თავისი გასაკვირველი თავგადასავალის, არამედ გადმოცემის უნიკალური ნიჭის წყალობით მაშინ გადმოგვდო;


კნუტ ჰამსუნს რაც შეეხება - გირჩევთ წაიკითხოთ ეს ვრცელი მოთხრობა და დარწმუნდებით, მისი შიმშილი, რაც უმაღლესი მწერლური ოსტატობითაა გადმოცემული, როგორც დაუსრულებელი და დაუძლეველი ტკივილი, ერთდროულად ფიზიკურიც არის და სულიერიც - ორივე ერთი-მეორეს როგორ მთლიანად, თავიდან-ბოლომე რარიგ გამსჭვალავს; თვითონაც ვეღარ არკვევს, რომელი უფრო მწარეა და აუტანლად მძიმე: მუდმივი ყმუილით გამოხატული დაუკმაყოფილებელი ფიზიკური მოთხოვნილება, თუ სულიერი სასოწარკვეთით განპირობებული ასევე მუდმივი და შემზარავი კივილი სულიერი შიმშილისა; მახსოვს, როცა ვკითხულობდი, როგორ ამიტანდა ხოლმე ამგვარი "ტოტალური შიმშილის" შეძრწუნება;


რატომ მოვყევი და რამ გამახსენა ეს?!

იმან, რომ ის კადრები ტაძრიდან, რაც ახლა ასე ფართოდ ზიარდება, არავითარ კავშირში არ არის შიმშილის არანაირ გამოცდილებასთან. არც გარეგნულად და მით უფრო - არც შინაგან, სულიერ გამოცდილებასთან.


რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ უმრავლესობას, ვინც ამ კადრებს აზიარებს, როგორც დამშეულობის საბუთს - არც არასდროს შიებიათ!

ღმერთმა არავის მოგაშიოთ, მაგრამ ისე არ დაგიხშოთ "გული, გრძნობა და გონება", რომ შიმშილისა ვერა გაგეგოთ რა!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ