10:48 02.09.2020
"ოსკარის" ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა იწყება

 

ეროვნული კინოცენტრი  2021 წლის "ოსკარის" საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს.


კინოცენტრის ინფორმაციით, საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 17:00 საათამდე.  წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.


განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში ან კომერციულ ოლნაინ-პლატფორმაზე;


უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);


შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;


წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:


– განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომელითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;


– ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;


წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;


– ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში,“- ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge